aqcia

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

“ასეთი საქმე ჯერ ამ რეგიონის სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია,”- აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ წუთებში დაასრულა ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ხუთივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დღემდე ნასამართლევი არ ყოფილა.

ბრალდებულ ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს ბრალდებულის ძმაზე, რომლის საქმე სავარაუდო ნარკოდანაშაულზე უკვე განიხილება სასამართლოში. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა დანაშაულს ლაშა დეკანაძის ძმას ვერ უმტკიცებს და ამიტომ წაუყენეს მას ბრალი.

ადვოკატმა აღნიშნა ისიც, რომ “ლაშა დეკანაძე შეუბღალავი წარსულის მქონეა, ნასამართლევი არ არის და მეზღვაურია”. მისივე თქმით, ბრალდებული მარტო ზრდის მცირეწლივან შვილს, ის მეუღლესთან განქორწინებულია.

ლაშა დეკანაძეს 12 მარტს ადმინისტრაციული წესით 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ბათუმის სასამართლომ. ” ერთი და იგივე ქმედება 5 დღის წინ როგორ იყო ადმინისტრაციული გადაცდომა და ახლა დანაშაული?”- კითხულობს დავით ჯაფარიძე, ლაშა დეკანაძის ადვოკატი. მისი აზრით, ბრალდებული სასამართლომ 30 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს.

ბრალდებულ გიორგი ბერიძის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “დაკავებული 22 წლისაა, მამით ობოლია, სამსახურს ეძებს და პირველად მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში”

გიორგი ბერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ადვოკატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: “ახალგაზრდა კაცი დაუფიქრებლად აღმოჩნდა იქ, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო და იქ მისი ადგილი არ იყო.”

მინდია ბერიძეს სახელმწიფო იურიდიული დახმარების იურისტი, გვანცა თურმანიძე იცავს: “დასაბუთებული უნდა იყოს, რატომაა აუცილებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იმედი მაქვს, მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს სასამართლო”.

ადვოკატი ტურფა ნიკურაძე კახა მახარაძის ინტერესებს იცავს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული აქციაზე მხოლიდ ცნობისმოყვარეობის გამო მივიდა: “მისი მიზანი არ იყო დესტაბილიზაცია შეეტანა ქალაქის ცხოვრებაში. შესაბამისად, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებული დანაშაულისკენაა მიდრეკილი, ვერ დავეთანხმები.”

ტურფა ნიკურაძემ ასევე თქვა, რომ კახა მახარაძე ჩემპიონია სპორტის ერთ-ერთ სახეობაში: “მას დედა მძიმედ დაავადებული ჰყავს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თან სწავლობს”.

გენადი მამულაძის ინტერესების დამცველმა, ირაკლი აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებულს მიმალვა არ უცდია, იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და წარსულში ნასამართლევი არ არის.

რამდენიმე წუთში მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის მოწყობაში ბრალდებული კიდევ ორი პირის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ორივე მათგანი არასრულწლივანია, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია. ის უკვე 17 წლისაა.

 

 

ავტორი