სოციალური სახლი ვაშლოვანში

ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა:

„იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში ჩაკეტილი არ უნდა იყოს. სოციალური სახლის მშენებლობა თითქმის ორი წლის წინ დასრულდა, მხოლოდ გარე სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობისთვის ბინების გადაცემას ხელს არაფერში უშლიდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მივმართავთ, რომ დროულად გადასცეს ბინები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.“

საკრებულოს წევრის თქმით, ვაშლოვანში ბინების გადაცემას მთავრობა მხოლოდ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო აყოვნებს, „უნდათ წინასაარჩევნოდ გადასცენ“ – აცხადებს საკრებულოს წევრი და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ვაშლოვნის სოციალურ სახლში რემონტი უკვე დაზიანებულია და სახლის დათვალიერების მიზნით სამინისტროს წერილობით მიმართა, თუმცა ამ დრომდე თანხმობა ვერ მიიღო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინების გადაცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ხულოს გამგეობაში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომისია მუშაობს.

„არ ვფიქრობ, რომ ბინების გადაცემა გაჭიანურდა. იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც ითხოვენ ბინას, ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ, რომ დაგვეზუსტებინა, ჰქონდათ თუ არა მათ ალტერნატიული ფართი. მომავალი კვირიდან კომისია შეიკრიბება და განხილვას დავიწყებთ, ერთი ოჯახის საჯარო რეესტრის მონაცემებიც რომ არ იყოს დაზუსტებული, კომისიის სხდომაზე საკითხს განსახილველად ვერ გავიტანთ“ – ამბობს რამაზ შავაძე, ხულოს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის მოთხოვნით გამგეობაში 88 განაცხადია შესული. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ კატეგორიაში 150-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო მეორე კატეგორიაში – 450-მდე ოჯახი ირიცხება.

პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა) და არ ექვემდებარება აღდგენას.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში 72- ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა, თუმცა სამინისტროს, სოციალური სახლის დასასრულებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ, 1 174 530 ლარზე 2016 წლის აპრილს მოუწია, რადგანაც კომპანია „ხიდს“ სამინისტრომ 2015 წლის 27 ნოემბერს ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა და მხოლოდ 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი