სიახლეები

ყოფილ მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიაში შესვლა ურჩია

13.02.2014 • 1671
ყოფილ მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიაში შესვლა ურჩია

„შენ ხომ არ შესთავაზებდი“? – მიმართა  იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ ირაკლი ჩავლეიშვილს. „დიდი სიამოვნებით, მაგრამ…“ უპასუხა კოლეგას საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკითხი ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან წასვლის განცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ  სხდომის დღის წესრიგში პირველ ნომრად იყო შეტანილი.

კენჭისყრამდე ირაკლი ჩავლეიშვილმა განცხადება გააკეთა. მან თქვა, „რომ გულწრფელად გული წყდება ჯემალ ანანიძისნაირი გამოცდილი კაცის წასვლის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გადწყვეტილება იყო.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ  ჯემალ ანანიძესთან არანაირი გაუგებრობა და კონფლიქტი არასდროს ჰქონია.

სიტყვით ჯემალ ანანიძეც გამოვიდა. მან საკრებულოს მადლობა გადაუხადა და გათავისუფლების მოთხოვნაზე მხარდაჭერა სთხოვა.

„მე ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შემოვდიოდი ამ დარბაზში, რადგან აქ მელოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ანგარიშვადებულნი არიან ამომრჩევლთან,“ – განაცხადა ჯემალ ანანიძემ სხდომაზე.

ბათუმის საკრებულომ ჯემალ ანანიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დააკმაყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. საკრებულოს თოთხმეტმა წევრმა მერის გადაყენებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ  ხმა  მხოლოდ იურიდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ მისცა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით მერის  მოვალეობას ახალდანიშნული ვიცე-მერი გიორგი ერმაკოვი შეასრულებს.

გადაბეჭდვის წესი