მთავარი,სიახლეები

რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს

15.03.2017 • 2261
რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს

3 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ავთანდილ ქამაშიძის დედა მოინახულა და დედის დღე მიულოცა. იმ დღეს ჯარისკაცის ოჯახს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასევე ესტუმრნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის გამგებელი და ქობულეთის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეხვედრის ფოტოებია განთავსებული და ინფორმაცია, რამდენი ლარით ეხმარება დედის დღეზე აჭარის მთავრობა ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს. აქ არაფერი წერია პრობლემებზე, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცის, ავთანდილ ქამაშიძის ოჯახს აწუხებს…

„პრობლემებზე ზურაბ პატარაძესთან არ მილაპარაკია“, – გვითხრა ნანული შაინიძემ, ავთანდილ ქამაშიძის დედამ. ის ამბობს, რომ მთავრობა გვერდით უდგას და ყოველთვიურად იღებს თავდაცვის სამინისტროსგან 1000 ლარს: „არ მინდა, დაჩაგრულივით გამოვიდე, ყველაფერს ვერ იტყვი…“

ავთანდილ ქამაშიძე 20 წლის იყო, როცა ომში დაიღუპა. მის ოჯახთან მისასვლელი გზა გაფუჭებულია. სახლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ჯერ არც ერთი ოთახი არ არის გარემონტებული. შესასვლელთან მაგიდაზე ავთანდილის ფოტოები, სიგელები და ჯილდოები დევს.

„16 წლის იყო, როცა სახლიდან გამეპარა, კომისარიატში შემოწმებაზე ჩასულა, ჯარში უნდოდა წასვლა… მერე, 18-ის რომ გახდა, წაიყვანეს, უხაროდა. სავალდებულო მოიხადა და კონტრაქტი გაუფორმეს. ძალიან გვიჭირდა მაშინ. აქ ძველი სახლი გვედგა, დავშალეთ და ახლის შენება დაიწყო ავთანდილმა. მეორე სართულის კედლის ამოყვანას ვასრულებდით, ომი რომ დაიწყო… ავთანდილი რომ ცოცხალი მყოლოდა, ამ სახლში ყველაფერი გაკეთებული მექნებოდა ახლა,“- გვიყვება ნანული შაინიძე.

ნანული შაინიძე ამბობს, რომ მუდმივად ეხმარება მთავრობა, მაგრამ ოჯახისთვის დანიშნული შემწეობა – 1000 ლარი საცოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არ ყოფნის.

„მეორე შვილი, ამირანი დაოჯახებული მყავს. როცა ავთანდილს საკონტრაქტო გაუფორმეს, ამირანი თურქეთში წავიდა თხილის საკრეფად. მანქანა დაეჯახა ქუჩაში და იმის მერე გაუფუჭდა ჯანმრთელობა…“ – გვიყვება ნანული.

კუთხეში წყლის ბოთლების გროვა იქცევს ყურადღებას. ფოტოებს ვიღებ. დარეჯან ქამაშიძე, ნანულის შვილი მეუბნება, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უწყლოდ არიან ოჯახი და მათი მეზობლები. ისინი წყაროდან ეზიდებიან წყალს. დაპირებასაც ქობულეთის გამგეობიდან 4 წელია ისმენენ.

„დაგვპირდნენ მაგასაც და იმედია გააკეთებენ. მაგაზე არ მილაპარაკია ზურაბ პატარაძესთან. ქობულეთის გამგეობაში მივიღე დაპირება და მთავრობის თავმჯდომარეს რატომ შევაწუხებდი. არც გზა გაუკეთებიათ ჯერ, კი დაინახავდნენ მათი თვალით, როცა მოვიდნენ, მაგრამ მაგასაც დაგვპირდნენ გამგეობაში, გაზის გაყვანა რომ დასრულდება, მერე გავაკეთებთო. ზურაბ პატარაძის მოსვლა ისე გამიხარდა, პრობლემებზე არ მილაპარაკია საერთოდ“, – ამბობს ნანული ქამაშიძე.

რატომ არ აქვთ წყალი ხუცუბანში მოსახლეობას, მათ შორის, ავთანდილ ქამაშიძის ოჯახს, ან აპირებს თუ არა ვინმე გზის აღდგენას? – კითხვებზე ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ წყლის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ უფროსი გაგვცემდა პასუხს, გზის თაობაზე – გზების დეპარტმანენტი.

აჭარის გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი თეთროსნის მიმართულებით. შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ოთარ ზოიძე, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორი: „17 ოჯახია სულ, ვისაც წყლის პრობლემა აქვს. პრობლემა იყო რეზერვუარების, რომელიც აქამდე არ არსებობდა. გასულ წელს დაიწყო მშენებლობა და ახლა თითქმის დასრულებულია. ამ პერიოდში ქალაქის წყალსადენზე იყო ეს  ოჯახები მიერთებული. ზამთარში ასე თუ ისე ჰქონდათ წყალი, ახლა უკვე პრობლემაა. თითქმის დასრულებულია რეზერვუარების მოწყობა და მალე ექნებათ. როდის აღუდგებათ წყლის მიწოდება ზუსტად ვერ გეტყვით. გასულები არიან ჩემი თანამშრომლები ადგილზე, ნახავენ და მერე გვეცოდინება. ხვალ გეტყვით…“

 

IMG_20170311_155653

IMG_20170311_162425

ნანული შაინიძე გვაჩვენებს, აქამდე იყო აშენებული სახლი, ომი რომ დაიწყოო.

IMG_20170311_162643

დაღუპული გმირის ოჯახში წყალს ტყის პირიდან, წყაროდან ეზიდებიან

IMG_20170311_162438

IMG_20170311_162400

IMG_20170311_162336

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: