მთავარი,სიახლეები

აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

14.03.2017 • 4521
აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს.

ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა.

„ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები შეურაცხყო.

„რა იყო თქვენი აგრესიის მიზანი?“- ჰკითხა მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულს.

„მიზანი არ ვიცი, შორიდან ჩამოვედი, აჭარის აღმართიდან…“ – თქვა ზაზა ქოქოლაძემ. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქში წამოსვლისთვის სოფელში 2-2 ლარი შეაგროვეს და ამას კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავდა. მისივე თქმით. უშუალოდ მას აქციაზე წასვლის შესახებ აჭარის აღმართის სკოლის „მარშრუტკის“ მძღოლმა შეატყობინა.

ზაზა ქოქოლაძე წარსულში ნასამართლევი არ არის. ის უმუშევარია.

ამავე სხდომაზე მოსამართლემ ნარიმან ლომინაძის საქმე განიხილა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროში ცხოვრობს. ამბობს, რომ შუახევში მიდიოდა ნათესავთან და დილით პოლიციის შენობასთან მანქანიდან გადმოიყვანეს პოლიციელებმა.

სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ნარიმანიც იგინებოდა პოლიციელების მისამართით და მანქანიდან გადმოიყვანეს, რადგან ის გაქცევას აპირებდა.

ნარიმან ლომინაძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ხე-ტყის უკანონო გამოყენებისთვისაა გასამართლებული.

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ასევე 250-250 ლარით დააჯარიმა აქციის კიდევ სამი მონაწილე: მამუკა ბერიძე, ცოტნე აბულაძე და ალექსანდრე ბაზახჩინი. სამივე მათგანი ბათუმის მკვიდრია და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

სახალხო დამცველის ცნობით ბათუმში აქციის შემდეგ 75 ადამიანი დააკავეს.


ამავე თემაზე:

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები 

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: