სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან.

ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ ყრიდნენ. სამშენებლო ნაგავსაყრელი ქედის გამგეობამ პირობითად წლების წინ გამოყო და აქ ათეულობით ტონა სამშენებლო ნარჩენი ყრია.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სულიკო სურმანიძე ამბობს, რომ დაბაში არსებულ სამშენებლო ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაყრა დღეს აკრძალულია, ტერიტორია მალე სილით დაიფარება და მოპირკეთდება. სამსახურის უფროსი დასძენს, რომ ქედის გამგეობამ სამშენებლო ნარჩენებისთვის ახალი ტერიტორია სოფელ ცხემნაში, ყოფილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ გასულ წელს გამოყო.

„სამშენებლო ნარჩენებისთვის გამოყოფილი ახალი ტერიტორიის შესახებ ყველა კომპანია გაფრთხილებულია და იქ გააქვთ სამშენებლო ნარჩენები. რაც შეეხება დაბაში არსებულ ტერიტორიას – ნაწილი მოწესრიგდა, დარჩენილი ნაწილი კი გაბიონის მშენებლობისთანავე მოწესრიგდება. გამგეობის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ დამატებით, მუნიციპალიტეტის ოთხ თემში: მერისში, დანდალო-ცხმორისში, დაბისა და მახუნცეთის თემებში ოფიციალურად გამოიყოს ტერიტორია საშენებლო ნარჩენებისთვის,“ – ამბობს სულიკო სურმანიძე.

სამსახურის უფროსის თქმით, ქედაში საფრთხის შემცველი ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს, საავადმყოფოსა და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებების ნარჩენები ქედიდან ყოველკვირეულად კომპანიას გააქვს.

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვა კანონით რეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია, ან ადგილობრივი მცხოვრები დაბებსა თუ სოფლებში აკრძალულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენებს დაყრის, გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია კანონდამრღვევი 80 ლარიდან 5000 ლარით დააჯარიმოს. ჯარიმის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული ვინ არის კანონონდამღვევი – იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ან რა ოდენობის ნარჩენი დაყარა უნებართვო ადგილზე და მერამდენედ. გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ კუთხით ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ, თუმცა გზის სავალი ნაწილის დანაგვიანებისთვის გასულ წელს 4 მძღოლი დაჯარიმდა, რომლებსაც ინერტული მასალები გადაჰქონდათ.

17121884_1284749458287424_856322677_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი