მთავარი,სიახლეები

სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს

08.03.2017 • 24606
სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თამუნა პროფესორ გურამს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს [სტატიაში სახელები შეცვლილია. ავტ.] თამუნა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დაახლოებით 70 წლის მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტი ცრუობს და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ სადისერტაციო თემაზე მუშაობას უკავშირდებოდა. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

დოქტორანტი: მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმეთ, რომ ერთ-ერთი მცენარის შესახებ უნდა მოგვემზადებია სადისერტაციო ნაშრომი… ამ მცენარის პლანტაცია მხოლოდ მარნეულის ერთ-ერთ სოფელშია. გურამმა მითხრა, თბილისში საქმე მაქვს მაინც, წაგიყვან მანქანით და თან ნერგები ერთად წამოვიღოთო.

პროფესორი: სადისერტაციო თემად კონკრეტულ მცენარეზე დაკვირვება შევარჩიეთ. ეს მცენარე საქართველოში არ ხარობს და მხოლოდ მცირე პლანტაციის სახითაა მარნეულში. საინტერესო იქნებოდა ამ ორი რეგიონის შედარება. დოქტორანტს ვუთხარი, რომ მე წამოვიღებდი ნერგებს მარნეულიდან. დაიჟინა, მეც მინდა წამოსვლა, ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ყველაფერიო. ერთად წავედით ბათუმიდან.

დოქტორანტი: მე თბილისში მამიდასთან უნდა გამეთია ღამე. დედამ ხილი გაგვატანა მასთან მოსაკითხად… წინასწარ ვიცოდი, რომ გურამს სხვა საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და მერე ჩავიდოდით ერთად მარნეულში. გზაში პროფესორმა სექსზე დაიწყო ლაპარაკი. მითხრა, ქალიშვილები განსაკუთრებით მომწონსო… დღეს ჩემთან წამოდი სასტუმროში და არ გექნება პრობლემა არაფერზეო, დისერტაციასაც დაიცავ და უნივერსიტეტშიც დაგასაქმებო… მერე ტუჩებში დამიპირა კოცნა. თბილისში როცა ჩავედით, გაგარინის მოედანთან სასტუმროში მიმიყვანა. შიგნით არ შევყევი, მე მამიდაჩემთან წავედი. იქ მანქანით აღარ მიმიყვანა, ხილით სავსე ყუთიც მის მანქანაში დარჩა…

პროფესორი: გეფიცებით, მანქანაში სადისერტაციო თემის გარდა თუ მესაუბროს რამეზე… ჭკუას ვარიგებდი. ვეუბნებოდი, სადისერტაციო თემას კი დაიცავ, ეს არაა პრობლემა, მაგრამ მცოდნე უნდა იყო რეალურად-მეთქი… ძალიან სუსტი სტუდენტი იყო, ზოგადად. ახლაც შემიძლია დავეხმარო, მაგრამ მას ჩემი ხელმძღვანელობა აღარ უნდა. ადრეც შემიმჩნევია, სულ წითლდებოდა საუბრის დროს. აუტისტია ეს გოგო. გამოძიებამ დაადგინა ეს, იქ არის მაგის შესახებ მასალები… თბილისში ჩავედით და ის მამიდამისთან წავიდა. მეორე დღეს ერთად ამოვიღეთ მცენარეები და მე ისევ თბილისში მქონდა საქმე, მეორე დღესაც მამიდასთან წავიდა თამუნა, მე – სასტუმროში. 22 ნოემბერი იყო.

დოქტორანტი: 22-ში დილით დამირეკა, გელოდები, მარნეულში უნდა წავიდეთო. აღარ მივაქციე ყურადღება, რაც წინა დღით მანქანაში გააკეთა. ვიფიქრე, რადგან უარი ვუთხარი, თავს დამანებებს-მეთქი. მარნეულიდან ისევ თბილისში დავბრუნდით, ესეც წინასწარ ვიცოდი, რომ ის ღამეც მამიდასთან უნდა დავრჩენილიყავი. ისევ გაგარინის მოედანთან რომ მივედით, გურამმა მითხრა, შევიდეთ ახლა ცოტა ხნით სასტუმროში, რაღაც საკითხები უნდა გავიარო შენთან ერთადო. სასტუმროს ნომერში როცა შევედით, ჩახუტება დამიწყო… რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე. წამოვედი. მამიდასთვის არაფერი მომიყოლია. 23 ნოემბერს ისევ გურამს გამოვყევი მანქანით ბათუმისკენ… არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. ვიფიქრე, შეეშალა და იმავეს აღარ გაიმეორებს-მეთქი. თბილისიდან როცა წამოვედით, ჯერ საერთოდ არ ლაპარაკობდა. მერე აგრესიულად მომმართა, ჩემთან დარჩენას თუ არ აპირებდი, ამ მცენარეებს მეც კი მოვთხრიდი და ჩამოვიტანდიო. მერე მითხრა, ახლა გზაში სადმე სასტუმროში შევიდეთ და მასიამოვნეო, თუ არადა იცოდე, უნივერსიტეტსაც დაემშვიდობები და ვნახავ მერე, რას იზამო. ქუთაისთან მისვლამდე გააჩერა, სასტუმრო „სიმონეთთან“. სასტუმროში შევყევი. კუნილინგუსი გამიკეთა, მერე ანალური სექსი სცადა…

პროფესორი: ვიცი, რომ სასტუმროს ვიდეოთვალმა დაგვაფიქსირა. თბილისში სასტუმროში თვითონ შემომყვა, რაღაც ერთად გავიაროთ ამ სადისერტაციო თემის ნაწილიო. იქედან მალე წავიდა… როცა თბილისიდან მოვდიოდით, გზაში ცუდად გახდა. არ მითხრა რა სჭირდა. ვიფიქრე, რაღაც ქალური სჭირს-მეთქი და ვუთხარი, ხომ არ გაგიჩერო სადმე, ბენზიგასამართ სადგურზე და ტუალეტით ისარგებლებ-მეთქი. უარი მითხრა, მაქ ვერ შევალო. იქვე, გზის პირას სასტუმრო „სიმონეთში“ შევიყვანე. იქ კარგა ხანს დარჩა. მე ოთახთან ველოდებოდი, რამე არ დაემართოს-მეთქი.

დოქტორანტი: ვერ გავბრაზდი. არ ვიცი, რატომ ვერ გავბრაზდი. საერთოდ ვერ ვბრაზდები. ზოგადად გაბრაზება როგორ არ შემიძლია, მაგრამ არ ვიცი, ბოლოს როდის გავბრაზდი, არ მახსოვს… რამე კონკრეტულად არ მჭირს, მაგრამ ხანდახან მიჭირს დავიჯერო, ადამიანებს ასეთი ცუდი მხარე რომ აქვთ.

პროფესორი: ეს გოგო გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ. ერთი კაცია, 41 წელია მებრძვის, რა უნდა არ ვიცი. ხან ვის აწერინებს წერილს, ხან – ვის. ახლაც არ მგონია, რომ თამუნამ მოიგონა ეს ისტორია. ის კაცი ეტყოდა და აუტისტობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც დააკომპლექსებს და მერე იმას უარს ვერ ეუბნება. ამ დროს უარს, ზოგადად, ვერ ამბობს ადამიანი.

ფსიქოლოგის დასკვნა დოქტორანტზე

თიკო აბაშიძე, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“: ჩვენი ორგანიზაცია იცავს თამუნას ინტერესებს. ორგანიზაციის ფსიქოლოგის დაკვირვებით, თამუნა არის დაბალი თვითშეფასების მქონე. მას სრულიად არ გააჩნია თავდაცვის უნარი და როდესაც საქმე ეხება მისი უფლებების შეზღუდვას, ყოველთვის ეშინია, რომ თავდაცვის მიზნით განხორციელებული ქმედების დროს შეურაცხყოფილად არ აგრძნობინოს თავი მეორე მხარეს. ჩვენმა ფსიქოლოგმა, მაგალითად, გამოყო ერთი ასეთი შემთხვევა, რაც თამუნამ თვითონ გვიამბო: სადაც მუშაობს, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს ბრწყინვალედ, მაგრამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 15 წუთი ფიქრობს, როგორ უნდა შევიდეს რომელიმე ოთახში, სადაც ხალხმრავლობაა. ამბობს, რომ მას უწევს ამ დროს დაძლიოს შინაგანი მღელვარება. ეს ემართება ყოველთვის და უჭირს დაძლიოს ეს პრობლემა. ჩვენ მოვითხოვეთ ამ კუთხით ექსპერტიზის ჩატარება გამოძიებისგან, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ დრომდე ამ საკითხით გამოძიება არ დაინტერესებულა.

თამუნამ წარმატებით გაიარა უნივერსიტეტში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მისი კურსელები ყვებიან, რომ თამუნა გამორჩეულად კარგად სწავლობს.

რა მოხდა ბათუმში დაბრუნების შემდეგ

ბათუმში დაბრუნების შემდეგ დოქტორანტს ფაკულტეტის დეკანისგან მოუთხოვია შეეცვალათ მისთვის მეცნიერ-ხელმძღვანელი. თამუნა ამბობს, რომ უარი მიიღო და ამის შემდეგ წერილი უშუალოდ რექტორს, მერაბ ხალვაშს მისწერა.

„მირეკავდნენ დეპარტამენტიდან და მთხოვდნენ, წერილი გამომეთხოვა. დამპირდნენ, ეს პროფესორი უნივერსიტეტს საერთოდ დატოვებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. განცხადება გამოვითხოვე და კიდევ ერთხელ დამიბარა პროფესორმა გურამმა კაბინეტში. მითხრა, რომ სხვა მეცნიერ-ხელმძღვანელი ვერ მეყოლებოდა და პორნოები ჩართო კომპიუტერში… მართლაც ასე მოხდა. მაგის შემდეგ ისევ ხელახლა მივმართე რექტორს წერილობით და დაიწყო გამოძიება, მაგრამ დეკემბრიდან დღემდე მეცნიერ-ხელმძღვანელი არ მყავს. ვისაც ვესაუბრე, სხვა ლექტორებს, ზოგი მეუბნება, რომ არ სცალია ჩემთვის, ზოგი იმიზეზებს, რომ მას ბევრი დოქტორანტი უკვე ჰყავს და ასე შემდეგ”, – გვიყვება თამუნა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საკითხს აკადემიური საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დოქტორანტს აუცილებლად შეურჩევენ მეცნიერ-ხელმძღვანელს.

„ბათუმელები“ რამდენიმე პროფესორს ესაუბრა, რომლებიც თამუნას თქმით, უარს ამბობენ მეცნიერ-ხელმძღვანელობაზე. პროფესორების ნაწილმა გვითხრა, რომ ისინი ამ მიმართულებით არ მუშაობენ, რაზეც თამუნას სურს სადისერტაციოს დაცვა, ზოგიერთი ამბობს, რომ დრო არ აქვს, რადგან სამ დოქტორანტთან უკვე მუშაობს, ზოგიერთი კი უარის თქმის მიზეზად სქესს ასახელებს: „მაგან განაცხადა კაცები არ მაწყობსო, ქალი ხელმძღვანელი მინდაო“.

რა ეტაპზეა გამოძიება

სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე გამოძიება აჭარის პროკურატურამ 2017 წლის 3 იანვარს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის იძულებას. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

თიკო აბაშიძე, ძალადობისგან დაცვის ქსელის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში უკვე დასრულდა და საქმე ქუთაისის პროკურატურას გადაეცა. გამომძიებლებმა რომ უკვე ამოიღეს და ნახეს ავტომაგისტრალთან მდებარე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ეს „ბათუმელებს“ პროფესორმა დაუდასტურა. პროფესორმა ასევე  გვითხრა, რომ მან გამოძიებას ჩვენება მისცა.

თამუნას უფლების დაცვის პროცესში ჩართულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, თუმცა იმის გამო, რომ დოქტორანტისთვის პროკურატურას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია, ასოციაციისთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ამ საქმეზე.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: