17036877_1749777808669225_770006076_o

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ.

ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობამ სახელმწიფო შპს-ს ანგარიშზე არსებული დიდი ოდენობით თანხა მიითვისა და მიიმალა [საუბარია 5 მილიონ ლარზე].

„ჰიგიენა 2009“-ის ახალი დირექტორი გიორგი ლომთათიძე, „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს, თუ რა თანხაა გატანილი სახელმწიფო შპს-დან, „ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება“.

რაც შეეხება ნაგავსაყრელის პროექტს, დირექტორის თქმით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გიორგი ლომთათიძის განცხადებით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ყველა ოჯახზე შესაბამისი კომპენსაცია გაცემულია: „პროექტი შეეხო 153 ბენეფიციარს და მათზე კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის 20 იანვარს დასრულებული იყო. აქედან, ორი ოჯახია ისეთი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის დატოვება უწევთ, დანარჩენი კომპენსაცია, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე გაიცა. ამ ორმა ოჯახმა კი ტერიტორია 6 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში, ეკონომიკურ საბჭოზე განაცხადა, რომ განსახლების გეგმაზე მუშაობა დასრულებული იყო და კომპენსაციის გაცემა დადგენილი საბაზრო ფასების მიხედვით მოხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა საკონპენსაციო თანხის ოდენობა გააპროტესტა. „მათ კომპენსაცია მიღებული აქვთ და გადახედვა არ მოხდება. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ყველა კომპენსაცია კანონის ფარგლებში გაიცა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი ლომთათიძემ.


ნაგავსაყრელის პროქტის განხორციელების დროში გაწელვის გამო ბიუჯეტი აქამდეც ზარალდებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არც აუდიტის რეკომენდაცია გაითვალისწინა: „არ განხორციელებულა შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო თანხის სრულად ათვისება და, შესაბამისად, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები…  შედეგად, 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოყოფილი 3 მილიონი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და, შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, გადახდილია 153 ათას 800 ლარი“.

შპს „ჰიგიენა 2009“-მ ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერები მხოლოდ 2016 წელს გამოაცხადა. სულ ოთხჯერ, თუმცა აქედან ორი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

პირველი ტენდერი „ჰიგიენამ“ აპრილში გამოაცხადა –  საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. ხელშეკრულება შპს „ეკო-სპექტრთან“ 86 500 ლარზე გააფორმდა. მიღება-ჩაბარების აქტი ივნისში გაფორმდა, კომპანიას კი თანხა 2016 წლის 4 ნოემბერს გადაურიცხეს.

პარალელურად, „ჰიგიენამ“, სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის ივნისში, ივლისსა და შემდეგ აგვისტოში გამოაცხადა. წინა ორი ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან ტენდერში მონაწილეებს დისკვალიფიკაცია მისცეს. აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერში კი გამარჯვებულად შპს „ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში“ გამოავლინეს და მასთან ხელშეკრულება 349 ათას 999 ლარზე გაფორმდა. სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო.

ეს კომპანია წინა ორ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა ორივეჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს. ამავე ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია „ეკო სპექტრი“ იყო, რომელმაც „ჰიგიენას“ „ფორმა 2“-თან შედარებით 1 ლარით მეტი, 350 ათასი ლარი შესთავაზა.

ამასთან, შპს „ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში“, ტენდერის გამოცხადებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, 2016 წლის 25 აპრილსაა თბილისში დარეგისტრირებული  და მისი დამფუძნებელია ლატვიური კომპანია „ფორმა 2“.

„ფორმა 2-ის ფილიალის“ დირექტორმა, ირაკლი ჭანტურიამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა, აღნიშნა, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს იმ პირობებით, რაც ამ ხელშეკრულებაშია: „სხვა ინფორმაცია არც მაქვს… ვალდებულებებიც და ვადებიც გაწერილია“.

„ფორმა 2-ის ფილიალმა“ მომსახურება ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დადო ხელშეკრულება SWECO-სთან ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვის ტექნიკური პროექტის მომზადებაზე… რომელთანაც სახელშეკრულებო ვადები დასრულდა 2015 წლის 31 დეკემბერს“.

„ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის, გიორგი ლომთათიძის განცხადებით „ფორმა 2-ის ფილიალი“, ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყებისთანავე ჩაერთვება პროცესებში, როგორც ზედამხედველი.

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელებს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედებათ ბრალად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება, სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელი პირები კი იმყოფებიან მიმალვაში.

„მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნის, მოძებნოს აჭარის ეკონმიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მინისტრ ბალაძეს, „მამა ხაბაძესა“ და მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს შორის“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრი მედეა ვასაძე აღნიშნულ ფაქტს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა.

„მე ვიცი, რომ ბრალდება წაუყენეს ირაკლი ცეცხლაძეს, ამ საწარმოს დირექტორს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ კორუფციას ჩვენს რეგიონში. პასუხისმგელობა დადგება ყველა იმ თანამდებობის პირის, ვინც იყო ჩართული ამ დანაშაულში. ჩვენ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე და ბოლომდე ვიბრძოლებთ კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.

ფოტო: ბათუმის ნაგავსაყრელი / მანანა ქველიაშვილის ფოტო /
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com