მთავარი,სიახლეები

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

24.05.2016 • 3570
ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში არც დირექტორი ჰყავს და არც თანამშრომლები. „ჩვენ გვევალება მოვლა და რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომლებიც იქ უზრუნველყოფენ კონდიცირებას, რომ ქანდაკებები არ დაზიანდეს“, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ამ დრომდე მუზეუმის გახსნას, გია თავამაიშვილი განმარტავს, რომ მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა კოორდინაცია ვერ მოახერხეს: „რაღაც საკითხებია გასარკვევი არქიტექტორთა კავშირთან, რომელიც შენობის მესაკუთრეა და ასევე ბათუმის მერიასთან, რადგან ეს მუზეუმი არ არის უშუალოდ ჩვენს დაქვემდებარებაში. თუმცა ჩვენ გვაქვს მიზნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვუაროთ იმ მასალას, რაც განთავსებულია ცვილის მუზეუმში. უბრალოდ, ახლა ვერ გიკონკრეტებთ, რადგან არ არის ეს ყველაფერი ჯერ ქაღალდზე გადატანილი.

არქიტექტორთა კავშირის აჭარის განყოფილებასთან უნდა გვქონოდა მოლაპარაკება. ქალაქის მერიას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვუაროთ მუზეუმს. დიდი ხანია გახსნის საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ საკითხის სხვა სიბრტყეზე გადატანა. ქალაქის მერია და არქიტექტორთა კავშირი საუბრობდნენ ფართობზე, რომელიც მერიას უნდა გამოეყო“.

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, მოლაპარაკება არქიტექტორთა კავშირთან შენობის გადაცემაზე აქტიურ ფაზაშია და საკითხი ქონების მონაცვლეობაზე ბათუმის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. გოგა ლომაძე „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს თუ რა ქონებას შესთავაზებენ არქიტექტორთა კავშირს ცვილის მუზეუმის შენობის სანაცვლოდ.

ბათუმის ცვილის მუზეუმის პირველი სტუმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო. მუზეუმი 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, თუმცა მუზეუმი გახსნიდან ორ კვირაშივე დაიხურა. 2013 წლის ნოემბერში მუზეუმი გაძარცვეს, ხოლო ქანდაკებები დააზიანეს.

ცვილის ქანდაკებების მუზეუმი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში გახსნეს, სადაც მანამდე რესტორანი ფუნქციონირებდა. სახლი, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ცნობილ ვაჭარს, ლაზარე ბინიათოღლის, თამბაქოს მრეწველს ბათუმში, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია.

სამუზეუმო ექსპონატების – ცვილის ფიგურების შექმნისთვის 2012 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 658.431 ლარი დაიხარჯა. მათ შორის – ცვილის ფიგურების დასამზადებლად – 290.400 ლარი, ხოლო დეკორაციული სცენების მოსაწყობად – 219.362 ლარი.

„ბათუმის მუზეუმის“ გაყინული პროექტი

უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში კიდევ ერთი – „ბათუმის მუზეუმის“ გახსნაზე საუბრობენ. 2014 წელს ამ მუზეუმისთვის ბიუჯეტში ფულიც გაითვალისწინეს და მუზეუმის გახსნის მიზნით ძველი აბანოების შენობის გასარემონტებლად ტენდერიც გამოაცხადეს. სარემონტო სამუშაოებისთვის 500 000-მდე ლარი დაიხარჯა, თუმცა მუზეუმის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი მუზეუმის დირექტორად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსა და შემდეგ დირექტორის მოადგილეს ბიძინა აფხაზავას მოიაზრებდნენ. „ბათუმის მუზეუმის“ შექმნის იდეის ავტორიც ის იყო და მთავრობას ინიციატივის მოწონების შემთხვევაში მუზეუმისთვის საკუთარი კოლექციის ჩუქებასაც ჰპირდებოდა.

მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც ამ მუზეუმის გახსნა მოხერხდება: „ახლა მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც ინტერიერის მოწყობას უკავშირდება. ალბათ ამისთვის ტენდერი გამოცხადდება. ეს ხომ არ არის მუზეუმის რეაბილიტაცია.“

გია თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“ დაადასტურა ისიც, რომ მუზეუმის დირექტორად, მისივე თქმით, „დიდი კოლექციონერი ბიძინა აფხაზავა განიხილება, რომელიც ამ მუზეუმისთვის თავისი კოლექციის გადაცემას გეგმავს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: