მთავარი,სიახლეები

სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

17.05.2016 • 1903
სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

დღეს, 17 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების: ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის, ჯაბა ანანიძისა და ნინო ხელაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სარჩელით ჟურნალისტების სამსახურში აღდგენას და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, „ტელეარხი 25“-ის ადმინისტრაციას დაევალა როგორც არხიდან დათხოვნილი ჟურნალისტების სამსახურში დაბრუნება, ისე განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება. ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების დროს აღნიშნა, რომ მხარემ [„ტელეარხი 25“] ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის კანონიერებას, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ არხიდან გაშვებული თანამშრომლები ქმნიდნენ კონფლიქტურ სიტუაციას, რაც სარედაქციო საქმიანობას აფერხებდა.

„ტელეარხ 25“-ის დირექტორმა, გია სურმანიძემ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის თანახმა იყო ყოფილი თანამშრომლებისთვის განაცდური თანხა აენაზღაურებინა, ოღონდ არ სურდა მათი უკან დაბრუნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს ჯაბა ანანიძე, რომელიც ამ დროისთვის „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომელია. დანარჩენი ჟურნალისტების თქმით, ამ საკითხზე საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან.

„ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: