დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.
„სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.
სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავით. სკულპტურებს გვერდით უნდა ჰქონდეს ელექტრო განათების ბოძი [ოთხკუთხა მილი, სიმაღლე 2 მ. ზედა ბოლოზე მაგრდება 50-100 ვატის სიმძლავრის პროჟექტორი], რომელიც ასევე დამაგრდება არმირებულ ბეტონში და შეიღებება ანტიკოროზიული საღებავით“.
სატენდერო პირობების თანახმად, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია უკეთესი მახასიათებლების მქონე საქონლის მიწოდებაც; ასევე შესაძლებელია სხვა დიზაინის საქონლის შეთავაზება, ტექნიკური მახასიათებლების გაუარესების გარეშე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ასევე შეიძენს 7 ცალ „ბეჟი ფერის ჩამოსხმული ქვისგან დამზადებულ სამყურა სკამი/საყვავილეს“. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4400 ლარს.