აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა.
სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის გადატანაც. შედეგად, აჭარას, 29 მარტიდან, რამდენიმე დღით გაზის მიწოდება შეუწყდება.
მთლიანობაში აშენდება 2 გვირაბი [საერთო სიგრძე 464 მეტრი], 16 ხიდი [საერთო სიგრძე 4538 მეტრი], კეთდება 4 სატრანსპორტო კვანძი სოფლებში: მუხაესტატეში, ხუცუბანში, კვირიკესა და დაბა ჩაქვში.
გზა ოჩხამურიდან სახალვაშომდე მონაკვეთში შეეხო 595 ნაკვეთს, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობაზე კომპენსაცია გაცემულია. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 209 მილიონ 852 ათასი ლარი.
აჭარაში 48,4 კმ სიგრძის ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.