28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
„სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო გაჩერება იქნება ბულვარი, დავეხმარებით ბულვარის ადმინისტრაციას,“ – აღნიშნა დავით მიქელაძემ „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და სპორტსმენები.