მთავარი,სიახლეები

რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე

10.04.2019 • 2633
რა იციან შთამომავლებმა სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე

ისტორიები, რომლებიც შთამომავლებმა 1937-1938 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილებზე იციან, ერთმანეთს ჰგავს: მათი უმეტესობა ახალგაზრდა იყო და კომუნისტები არ უყვარდა, ტროცკისტულ მოძრაობას უჭერდა მხარს, ხალხის მტერი იყო ან ხალხის მტრის ოჯახის წევრი – ეს ის მიზეზებია, რომლებზეც შვილიშვილებს უამბეს და ასე აუხსნეს რეპრესიების დროს  ბაბუებისა და ბებიების დახვრეტით დასჯის ამბავი. 1936-1937 წლების გახსენება, ბათუმში, გასულ კვირას გამოქვეყნებული სამარხის ფოტოების შემდეგ გახდა აქტუალური. ფოტოებთან ერთად 5 აპრილს 600 დაღუპულის სახელი და გვარი გამოაქვეყნეს.

ზოგი დღემდე ინახავს გაყვითლებულ ქაღალდს, რომელზეც მისი ოჯახის წევრის დახვრეტის განაჩენია გამოტანილი, ზოგიერთმა კი ეს ყველაფერი უკვე მუზეუმს ჩააბარა. არიან ოჯახები, სადაც წინაპრის ერთი ფოტოც კი არ შემორჩათ: „მოსულან და ისინიც წაუღიათ“.

„ვიცი, რომ ბიძა შაქირ თურმანიძე, ხულოს რაიონში ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იყო. საკმაოდ აქტიური პიროვნება  ყოფილა. ჩადრი რომ მოიხადეს ქალებმა პირველად აჭარაში, მას ჩამოუყვანია ეს ქალები სოფლიდან – ეს ვიცი დედაჩემის გადმოცემით. საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა, როიალზე სცოდნია დაკვრა და საბუთებიც მზად ჰქონია, თბილისში  სამედიცინოზე უნდოდა სწავლა.

ბიძია სოფელ უჩამბიდან იყო და ძალიან ბევრი მისი თანატოლი ამ სოფლიდან 1937-ში  დაუხვრეტიათ. ბაბუაჩემი დიდ ხანს ელოდა თურმე შვილს. ეგონა ცოცხალი იყო. დისშვილმა, რომელიც გაციმბირებული იყო და ათი წლის შემდეგ დაბრუნდა, ბაბუას უთხრა – შვილს ნუღარ ელოდებიო. 85 წლის დედა მყავს და ხშირად დიდი გულისტკივილით იხსენებდა ამას, ამიტომ გამიხარდა, რომ იპოვეს ბოლოს და ბოლოს ეს სამარხი“, – გვიყვება მზია ბერიძე.

1937 წელს რეპრესირებული შაქირ თურმანიძე – შუაში

ახმედ ნეკეიძე ირწმუნება, რომ მის ბაბუას, რომელიც 1937 წელს წაუყვანიათ და შემდეგ აღარ დაბრუნებულა, ექვსი ენა სცოდნია და ასტროლოგიით ყოფილა გატაცებული. მას ამ მიმართულებით განათლებაც მიუღია, როცა დააპატიმრეს 27 წლის ყოფილა:

„ექვსი თვის შვილი დარჩა, მამაჩემი. შემდეგ მე დამარქვეს ბაბუას სახელი“.

ამბებს ბაბუას დაპატიმრებასა და მის პატიმრობამდელ ცხოვრებაზე ახმედ ნეკეიძეს ბებია უყვებოდა: „ინგლისური სცოდნია კარგად. დღესაც გვაქვს ოჯახში მისი წიგნები. გარდა ამისა, სცოდნია რუსული, თურქული, გერმანული და არაბული. იმ დროისთვის მას მოლას ეძახდნენ“.

ახმედ ნეკეიძე ამბობს, რომ ბაბუის დედაც ახსოვს: „ის 104 წლის გარდაიცვალა. ბებიას ეგონა, რომ მისი შვილი ციხეში იყო. ბათუმში რომ ჩამოვედი, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მოვიკითხე – ციხე სად არის-მეთქი, თითქოს ჩემი ბაბუა კიდევ იქ უნდა ყოფილიყო.“

1937 წელს დახვრეტილთა სიაშია მეგი გვარამაძის ბაბუაც დედის მხრიდან – ისაკ ჭავჭანიძე.

„ბაბუას ჰყავდა მეუღლე ფლორენცია ლომინაძე და ორი ქალიშვილი – ნუნუ და ელეონორა. დედაჩემი, ნუნუ, მიყვებოდა, რომ მეოთხე კლასში იყო, როცა მამა დაიჭირეს. მოვიდნენ სახლში ვიღაც კაცები, წაიყვანეს და მას მერე არ უნახავს. რატომ დაიჭირეს-მეთქი რომ ვკითხე, კომუნისტები არ უყვარდაო. იხნესებს, რომ ხანდახან თავის დედას მიყვებოდა ციხეში ამანათის შესაგზავნად. ორი წლის შემდეგ, ერთ დღესაც ამანათი არ მიიღეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო. მოგვიანებით გაიგეს, რომ დაუხვრეტიათ, მაგრამ სად და როგორ, ეგ არავინ იცოდა. დედა სიცოცხლის ბოლომდე იმას ტიროდა, რომ მამის საფლავი არ ჰქონდა.“

დალი ცხონდიასთვის რეპრესირებულების ამბის გახსენება განსაკუთრებით ემოციურია. 1937 წელს ჯერ ბებია, შემდეგ კი ბაბუაც დაუხვრეტიათ: „ამ ამბავმა სული აგვიფორიაქა, განსაკუთრებით იმ სურათებმა, სადაც ჩანს თავის ქალა ოთხ-ოთხი ნატყვიარით“.

„როგორი სანახავია ეს სურათები ჩვენთვის ხომ წარმოგიდგენიათ. ვიცოდით, რომ დახვრეტილი იყო, მაგრამ ის, რომ წარმოვიდგინე… შენი თვალით, რომ ნახავ ამ სურათს ძალიან რთულია. სულის სიღრმემდე ვართ შეძრულები. ბებია ორი თვით ადრე დახვრიტეს, ბაბუა დახვრიტეს 37-ში 10 ნოემბერს – როგორც ვიცი, სამეულმა მოაწერა ხელი დახვრეტას. ბებია თამარ საჯაია იყო აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. როგორც ვიცი, ის ხალხის მტრად ჩათვალეს. ბაბუაც დახვრიტეს ბებიას გამო. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს და 1956 წელს გაამართლეს. ჩემი ბებია და ბაბუა მუშაობდნენ ქუთაისში და ქუთაისიდან გადაიყვანეს ბათუმში. ბაბუა როდესაც დახვრიტეს, აჭარის მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. .“

მამია ცხონდია -1937 წელს რეპრესირებული

მაია ჯაშის მონათხრობით, მისი ბაბუები – თევრათ ჯაში და დავით სარიშვილი ოჯახს დიდხანს ეგონა ციმბირში გადასახლებული:

„ბებია და მამაც ისე გარდაიცვალნენ, რომ ბაბუა გადასახლებული ეგონათ. დახვრეტის ამბავი შემდეგ გავიგეთ. ბებიას გვერდით საფლავზე აბრაც გვაქვს გაკეთებული და ძალიან გვინდა, რომ ბაბუას ნეშტი იქ დავკრძალოთ.“

ირინა გოგიტიძის ბაბუაც 1937 წელს დაუხვრეტიათ:

„ბაბუაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი სტუდენტი აჭარიდან ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. პირველივე გამოშვების ფოტოზე არის ხასან გოგიტიძე. ეს იყო 32-33-წელი, პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მისი ლექტორები იყვნენ. არქივში ვიპოვე ჩანაწერი ბაბუაჩემზე: „წერა-კითხვის უცოდინართა კლუბის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ხასან გოგიტიძე.“

თამაზ ხოზრევანიძის ბაბუას თურქეთში წისქვილი ჰქონია, სავარაუდოდ, ამ მიზეზით დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ 1937 წელს:

„მას ჰქონია მამული, ორი უღელი ხარი და ათი მსხვილფეხა პირუტყვი ჰყოლია. გადმოცემით ვიცით, რომ  მას ჰქონია წისქვილი თურქეთში, რის გამოც დაიჭირეს და  გაანადგურეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს დნმ-ი და გაგვატანონ ჩვენი ნეშტი. მას ხუთი გოგო და ორი ბიჭი ჰყავდა. მამა ცხრა წლის ყოფილა, როცა ბაბუა დაუხვრეტიათ. ამ ამბის შემდეგ მისი ხუთივე ქალიშვილი დაღუპულა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: