ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ



ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც.

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება: ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან ითხოვენ, არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. მათივე ინფორმაციით, ისინი ამ მოთხოვნით რამდენჯერმე შეხვდნენ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს და საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის თავმჯდომარეს გიორგი გოგიტიძეს, თუმცა ვერ მიიღეს დაზუსტებული პასუხი, გაითვალისწინებენ თუ არა მათ მოთხოვნას.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი