კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს 

25.03.2019 • 3630
კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს 

კომპანია, რომელსაც ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვს. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობს.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის, კონსტანტინე მხეიძის წერილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს.

სამინისტროში გვითხრეს, რომ სკვერისთვის გამოყოფილ ფართობს კომპანია „ალბათ, მშენებლობისთვის გამოიყენებს… ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით კი, ამ დროისთვის მთავრობის მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.

კონსტანტინე მხეიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, რისთვის გამოიყენებენ აღნიშნულ ტერიტორიას: „გაკეთდება დეტალური პროექტი და შემდეგ შემეძლება კომენტარის გაკეთება“.

კომპანია „კორაქსესის“ დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ მათ მიერ „შემუშავებულია კომპლექსური, წინასწარ გააზრებული და პერსპექტიული ბიზნესგეგმა, რომლის რეალიზების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს კანონმდებლობაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტში უკვე ჩართულია რამდენიმე სუბიექტი, რომლებმაც ერთმანეთის წინაშე იკისრეს რიგი ვალდებულებები, დაუშვებელია პროექტის არსებულ ეტაპზე გაჩერება“.

წერილში მოყვანილია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივ საქმიან ზონაში [სადაც მოდერნის სტილის სახლი დგას] მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ, ნაცვლად 15 მეტრისა, განისაზღვრა 12 მეტრით.

„მხარეები აღმოვჩნდით ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის წერილში, რომელიც გამოსავალს სწორედ საზოგადოებრივი სკვერის ნაკლებ ფართობზე მოწყობაში ხედავს [2010 წლის ხელშეკრულებით, რომელშიც ცვლილება ადრეც შევიდა, 485 კვ/მ-ზე სკვერის მოწყობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.]

შპს „კორაქსესის“ მიერ აჭარის მთავრობაში გაგზავნილი წერილიდან

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდთან KINOR INVESTMENT-თან ერთობლივად, დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა 3,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რის საფუძველზეც „კორაქსესს“ წარმოეშვა რიგი ვალდებულებები.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „კორაქსესს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სესხისა და წილის გირავნობის შესახებ შპს „სოდისთან“. სესხის თანხა 400 000 აშშ დოლარია. კრედიტორ შპს „სოდის“ დირექტორი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანიაა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი კი არის ფრანგული კომპანია GUIBOR-ი. „სოდი“ საქართველოში 2017 წლის ნოემბერშია დარეგისტრირებული.

„KINOR INVESTMENT-მა პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო დონის ფრანგულ სასტუმრო ოპერატორ კომპანია ACCOR Hotels Group-თან, რომელიც მზადაა იკისროს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოსაწყობი დელუქსკლასის სასტუმროს მართვაზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია შპს „კორაქსესის“ მიერ აჭარის მთავრობაში გაგზავნილი წერილში.

კოსტავას ქუჩა 20ა. აქ შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას არა 485 კვ/მ-ზე, არამედ, მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე გეგმავს.

კოსტავას 20ა [სადაც სკვერი უნდა მოეწყოს] და გამსახურდიას 12, სადაც მოდერნის სტილის შენობა დგას

დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით,  გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როცა უკვე გაცემულია შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, მხოლოდ განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინოს – მინისტრმა დაუყოვნებლივ გააუქმოს სანებართვო მოწმობა. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს, 25 მარტს, გვითხრეს, რომ ამ საკითხზე „ადმინისტრაციული წარმოების ვადა ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ მიუღიათ“.

ხომ არ აპირებს კომპანია მანსარდის სანაცვლოდ ტერიტორიის ათვისებას კოსტავას 20ა-ში? – ამის შესახებ კონსტანტინე მხეიძეს ვკითხეთ. „ჯერ რაიმე გადაწყვეტილება ამ კუთხით მიღებული არ გვაქვს“, – გვითხრა შპს „კორაქსესის“ დირექტორმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, რაიმე დოკუმენტი განსახილველად, კოსტავას 20-ში მშენებლობასთან დაკავშირებით, სააგენტოში არ შესულა.

ამ თემაზე:

მოდერნის სტილის შენობა გამსახურდიას ქუჩაზე – რას გადაწყვეტს აჭარის განათლების მინისტრი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: