რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, ახალი პროექტი განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვისაა საჭირო.

რას ნიშნავს სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი და რა პრინციპით იმუშავებენ ჯგუფის წევრები სკოლებში? „ბათუმელები“ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა. აჭარის რეგიონიდან მხოლოდ ის არის ჩართული სკოლის მხარდამჭერ ჯგუფში.

„სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი სკოლას ეხმარება არსებული სიტუაციის შეფასებასა და განვითარებაში. ამ ჯგუფებს ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, კონკურსის წესით შერჩეული ტრენერებისა და კონსულტანტებისგან და თითო ჯგუფში შედის ციფრული ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლების, კურიკულუმების ქოუჩები (ქოუჩინგი – წარმატების მიღწევის ტექნოლოგია) და სწავლების ლიდერები“, – გვეუბნება ის.

თამთა კვარაცხელია საპილოტე სკოლებთან სწავლების დარგში იქნება ტრენერი, რომელიც სკოლის დირექტორებს დაეხმარება. დახმარება გულისხმობს სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში დახმარებას, სკოლაში არსებული სიტუაციის ანალიზს, ახალი პროექტების დანერგვას და ა.შ.

„ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება სასკოლო კულტურასა და დაწყებით განათლებაზე. სასკოლო კულტურაში იგულისხმება კომუნიკაცია, თანამშრომლობითი გარემო, პედაგოგთა გადამზადება, მასწავლებლის პროფესიული ზრდა სკოლის ბაზაზე, სასკოლო, სოციალური პროექტები და აქცენტი გაკეთდება საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებზე… ეს ქმნის ჯანსაღ კულტურას სკოლაში“.

პროექტი ამჯერადაც საპილოტეა და მასში, ჯერჯერობით, მხოლოდ 50 სკოლა ჩაერთვება, სექტემბრიდან კი ასამდე სკოლაში უნდა დაინერგოს. თითო სკოლაში ერთი, ოთხკაციანი ჯგუფში იმუშავებს.

აჭარაში მხოლოდ ორი სკოლაა შერჩეული, ბათუმის და სალიბაურის პირველი საჯარო სკოლები. თამთა კვარაცხელია ამ სკოლებთან, როგორც სწავლების ლიდერის ქოუჩი, ისე იმუშავებს.

მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  ჩამოვა ბათუმში და შეხვდება საპილოტე სკოლების დირექტორებს.

პროექტის განხორციელება კი მარტის ბოლოდან დაიწყება. „ორთვე-ნახევარი გრძელდება ამ სკოლებთან პირველ ეტაპზე მუშაობა, შემდეგ სკოლები თავისთავად გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას“.

ტრენერები სკოლებში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ იმუშავებენ.

სკოლის საჭირობებზე მორგებული მოდელი მოითხოვს სკოლების მეტ ავტონომიას. რამდენად ექნებათ სკოლებს ეს ავტონომიურობა? – ვეკითხებით თამთა კვარაცხელიას. მისი თქმით, დირექტორები უნდა გახდნენ ლიდერები და ამისთვის გაიარეს შესაბამისი ტრენინგებიც, „ახლა კი სახელმწიფო დაეხმარება მათ პრაქტიკულად განახორციელონ ეს ყველაფერი“.

ცენტრის ინფორმაციით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკული აზროვნება და პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.

მთავარი ფოტო: სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრები ტრენინგზე.
ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com