მომღერალი ბაიარ შაჰინი მაჭახელას ხეობაში ჰესის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება

ეთნიკურად ქართველი, მომღერალი ბაიარ შაჰინი [გუნდარიძე], რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, როგორც ქართული ფოლკლორის შემსრულებელს, აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მცხოვრებლებს მიმართავს და მაჭახელას ხეობაში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება. ვიდეომიმართვა მომღერალმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სტილის დაცვით გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.

„ჩემო მაჭახლელებო, ეხლა სტამბულში ვარ. გავიგე, რომ მდინარე მაჭახელაზე ჰესის აშენება უნდათ. ძალიან შევწუხდი და მოგმართავთ თქვენ. ჰესის აშენება-არ აშენება ჯერ თქვენი გადასაწყვეტია, რადგან მაქ ცხოვრობთ თქვენ. ჯერ თქვენდა დაგეკითხონ, გინდათ თუ არა.

ზემო მაჭახელშიც უნდოდათ ჰესების გაკეთება, ხალხს არ უნდოდა – ერთად დადგა. ბევრი ვიბრძოლეთ, რამოდენიმე წელი ვიბრძოლეთ, მთელი თურქეთის მაჭახლელები გავერთიანდით ჰესების წინააღმდეგ. მთავრობას ავუხსენით, რომ აქ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ხელუხლებლად უკეთესია. მთავრობამაც დიგვიჯერა და ზემო მაჭახელის ექვსი სოფელი იუნესკოს დაცვის ზონადაა გამოცხადებული.

მაჭახლელებო! აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვითარდება ეკონომიკა და სოფელი, დამიჯერეთ, მთელ თურქეთში მაჭახლის ხალხს საქმიან და სიტყვის კაცებად გვიცნობენ, ვიცი, რომ თქვენც არ გინდათ, მაქ თქვენც გაერთიანდით და ერთად დადექით. თუ ერთად იქნებით, ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით, ჩვენც დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ჩვენ, აქაური მაჭახლელები ვუერთდებით მოძრაობას, მაჭახელა ჩვენია, არა ჰესების მშენებლობას მაჭახლის ხეობაში. აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენთან ვართ,“ – აცხადებს მომღერალი.

ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია].  „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com