ლაშა კომახიძე: ხანძრისგან მიყენებულ ზარალს უკვე ვითვლით



„ხანძარი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ჩვენ დავაკვირდებით და დავითვლით ზარალს. ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები დაკავებული არიან უკვე ამით,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბერიძის ქუჩაზე. ხანძარი ამ ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს გაუჩნდა.

ბათუმის მერის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4-5 სახლი დაზიანდა. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ქუჩა გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლდა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ აქ ავალაგეთ გარევაჭრობა, რომელსაც მთლიანად ჰქონდა ქუჩა დაკავებული. ვფიქრობ, გაცილებით დიდი იქნებოდა გავრცელების კერა. შესაბამისად, სახანძრო მანქანასაც არ ჰქონდა არანაირი შეფერხება ამ ქუჩაზე შემოსვლასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

სახანძრო და სამაშველო სამსახური ბერიძის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი