მთავარი,სიახლეები

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს

16.01.2019 • 2741
კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი ხელფასს ითხოვს

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებშიც [15:00] სასტუმროს ფოიეში არიან შეკრებილები და კაზინოს მფლობელებისგან კონკრეტულ პასუხს ელიან.

კაზინო „ინტურისტმა“ მუშაობა 2019 წლის 5 იანვარს შეწყვიტა. როგორც აქ დასაქმებული პირები აცხადებენ, კაზინოს მუშაობის შეჩერების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„არავის გავუფრთხილებივართ, რომ კაზინო მუშაობას აჩერებდა. ასე მოულოდნელად დახურეს. დღემდე პასუხს არ გვეუბნებიან, არავინ კონტაქტზე არ გამოდის. როგორც ახლა გავიგეთ, ლიცენზიის ვადა გაუვიდა კაზინოს, მანამდე არაფერი არ უთქვამთ,“- გვითხრა ვიტალი დუმბაძემ.

კაზინო „ინტურისტის“ 200-მდე თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

კაზინოს კიდევ ერთი თანამშრომელი, მაია ჩაჩავა, რომელიც რვა წელია, რაც აქ არის დასაქმებული, ამბობს, რომ კაზინოს შესაძლო დახურვაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„რემონტია და მალე გაიხსნებაო გვითხრეს. ველოდებით ხელფასს. ჯერ სამ დღეში იქნებაო, შემდეგ – ხუთ დღეშიო. ახლა გვეუბნებიან, 15 დღეშიო. თვე-ნახევრის ხელფასი მაქვს მე ასაღები“.

კაზინოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ კაზინოს დახურვის შესახებ ისინი ხელმძღვანელობას არ გაუფრთხილებია.

როგორც აქ მომუშავე პირები გვეუბნებიან, კაზინო „ინტურისტში“ სულ ცოტა 200 ადამიანია დასაქმებული.

ლელა ქათამაძეც შვიდი წელია, რაც კაზინოში მუშაობს. ის ამბობს, რომ არც ლიცენზიის ვადის გასვლაზე და არც ხელფასების დაგვიანებაზე ახალ წლამდე საუბარი არ ყოფილა.

როგორც ლელა ქათამაძემ გვითხრა: „3 იანვარს ვმუშაობდი ღამის ცვლაში, ერთ-ერთმა მენეჯერმა გვითხრა, რომ რაღაც სამუშაოები იწყებაო, დილის 6 საათზე წავედით სახლში, დაგირეკავთო და მოგვატყუეს.“

სასტუმრო და კაზინო „ინტურისტი“ კომპანია „მეტროს“ საკუთრებაა. კომპანიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს,  რომ თანამშრომლების სახელფასო დავალიანება თვის ბოლომდე დაიფარება.

კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

„დავალიანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა კომპანია „ლიბერთი კაზინოს“ წარმომადგენელმა და ითქვა, რომ თვის ბოლომდე მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრება.

განაახლებს თუ არა კაზინო მუშაობას და რომელი კომპანია შემოვა, ეს იქნება „ლიბერთი კაზინო“ თუ სხვა, ეს საკითხი ჯერ მოლაპარაკების პროცესშია. თვის ბოლოს ეს საკითხიც იქნება ცნობილი, “- ამბობს კომპანია „მეტროს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი სირაძე.

კაზინოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ბანკებში სესხები აქვთ აღებული და, შესაბამისად, მათი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

კაზინოს თანამშრომლებმა პირველი აქცია 4 იანვარს გამართეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: