სახალხო დამცველი: მწვანე კონცხის მშენებლობაზე საკრებულოს დადგენილება უკანონოა


სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მწვანე კონცხზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა.

საუბარია მწვანე კონცხზე კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ მშენებლობაზე, რასაც ბათუმში მცხოვრები ადამიანები ბოლო პერიოდში აქტიურად აპროტესტებენ. ამ მშენებლობის წინააღმდეგ და რეკრეაციული ზონის გადასარჩენად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს.

2018 წლის 28 სექტემბერს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთს გაუუქმა საკურორტო-სარეკრეაციო ზონის სტატუსი და საზოგადოებრივ-საქმიან ზონად აქცია. ამავე გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე ასაშენებელი სასტუმროს სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28-ს.

სახალხო დამცველი უკანონოდ მიიჩნევს ბათუმის საკრებულოს დადგენილებას. „ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ბათუმის მერიასაც მიმართავს – „მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად“.

ომბუდსმენი საკრებულოს და ბათუმის მერიასაც „ორჰუსის კონვენციას“ ახსენებს, რომლის მიხედვითაც, „სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა უნდა მოხდეს“.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი