რატომ დაიხურა კაზინო „ინტურისტი“

ბათუმში კაზინო „ლიბერთი ინტურისტი“ 2019 წლის 5 იანვრიდან აღარ მუშაობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მიზეზი ლიცენზიის ვადის გასვლაა და კაზინო შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ გაიხსნება. სავარაუდოდ, სამორინეს გახსნაზე ნებართვას ახალი კომპანია მიიღებს და არა ის [სს „ლიბერთი“], რომელიც ამ დრომდე ამუშავებდა კაზინოს სასტუმრო „ინტურისტში“.

კაზინო „ლიბერთი ინტურისტის“ თანამშრომლებმა 2019 წლის 4 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დამსაქმებელი  სამსახურიდან თითქმის 180 თანამშრომლის გაშვებას გეგმავდა. როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაზინოს თანამშრომლების შემცირება მართლაც იგეგმება.

კაზინოს თანამშრომლები მაშინ იმასაც აცხადებდნენ, რომ მათ მისაღები აქვთ 2018 წლის დეკემბრის თვის ხელფასიც. ადმინისტრაციის არაოფიციალური ინფორმაციით, დასაქმებულები ამ ხელფასს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ინტურისტში“ სამორინეს მოწყობის ნებართვის მიღებას, სავარაუდოდ, ახალი კომპანია გეგმავს. განახლებული კაზინო კი, შესაძლოა, 2019 წლის იანვრის ბოლოს გაიხსნას“.

სასტუმრო და კაზინო „ინტურისტი“ კომპანია „მეტროს“ საკუთრებაა.

სათამაშო ბიზნესის ნებართვების ოფიციალურ რეესტრში დღეს, 13 იანვრის მდგომარეობით, 6 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებსაც ბათუმში სამორინეს მოწყობის მოქმედი ნებართვა აქვთ. ამ ნებართვებს ვადა 2020-23 წლებში გასდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com