24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ინგლისური ენის მარტივ, ერთთვიან კურსს კურორტ „გოდერძსა“ და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გაივლიან.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტ გოდერძისთან ერთად სოფელი სახალვაშო იმიტომ შეირჩა, რომ აქ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს.

„იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ და მათთვისაც ინგლისურის ცოდნა აუცილებელია“.

დეპარტამენტის ცნობით, ტრენინგ-კურსის მონაწილეებისთვის სასწავლო ვიდეორგოლებიც მომზადდა, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი.

„აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე გადაეცა კურორტ გოდერძის  საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com