ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო გადაიდო

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც დღეს, 5 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო ბათუმში, ევროპის მოედანზე,  კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გვითხრეს, ფესტივალი ხვალ, 6 ოქტომბერს, 16 საათზე გაიხსნება ევროპის მოედანზე და ორი დღის განმავლობაში, 6-7 ოქტომბერს გაგრძელდება.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვებისა“ და „შუახევის“ ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 6 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ბენდები: „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ დაუკრავენ. 7 ოქტომბერს ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდ „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრებით დაიხურება.

გარდა ამისა, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა “აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი  მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com