ბათუმის ვალდორფის ბაღი აღმზრდელს ეძებს

„თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღი“ ბათუმში ეძებს დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც თბილისში საფუძვლიანად გაივლის ვალდორფის პედაგოგიკის თეორიულ სასწავლო კურსს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს – ბათუმისა და გერმანიის ვალდორფის საბავშვო ბაღებში. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ცოდნა (B1-B2).

როგორც ვალდორფის ბაღის მენეჯერი ანა ბერუჩაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაინტერესებულ პირს აუცილებელია ჰქონდეს უმაღლესი განათლება, თუმცა სპეციალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ იქნება ფსიქოლოგი ან ახლოს იქნება მისი პროფესია განათლების სფეროსთან, ბუნებრივია, სასურველი იქნება, თუმცა არა გადამწყვეტი. მთავარია წარმატებით გაიაროს ის კურსი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ. წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენი ახალი მეგობარი, ბათუმის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გახდება,“ – გვითხრა მან.

ანა ბერუჩაშვილის თქმით, მთავარია მოტივირება და შრომისმოყვარეობა.

ადმინისტრაციის თქმით, ვალდორფის საბავშვო ბაღის რეგისტრაციის ერთი ნაწილი დასრულებულია და პირველი სექტემბრიდან ის, როგორც საშაბათო ბაღი, დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო უკვე ოქტომბრიდან ვალდორფის ბაღი რეგულარული მუშაობის რეჟიმზე გადავა.

ვალდორფის საბავშვო ბაღი, როგორც სკოლამდელი აღზრდის სისტემა, წარმოადგენს ვალდორფის პედაგოგიკის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ავსტრიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის ზოგად ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. პირველი ვალდორფის სკოლა გაიხსნა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში 1919 წელს.  თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღმა  მუშაობა 1990 წელს ერთი ჯგუფით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com