მთავარი,სიახლეები

როდის იწყებს მერია ძველი ბათუმის ეზოების კომერციალიზაციის პროექტს

04.09.2018 • 1788
როდის იწყებს მერია ძველი ბათუმის ეზოების კომერციალიზაციის პროექტს

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ათი სახასიათო ეზოს კომერციალიზაციის პროექტი ბათუმის მერიას სექტემბრის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი მერია გადაწყვეტს, დააფინანსებს თუ არა მიწოდებულ ბიზნესიდეებს. კვლევის მოსამზადებლად მერიამ 20 000 ლარი გამოყო, სამუშაოს შესრულება შპს „განვითარების აკადემიას“ დაუკვეთეს. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერზე მომსახურების საფასური 19 200 ლარამდე შეამცირა.

კომპანიის გამგეობის წევრის, რამინ გვარიშვილის ინფორმაციით, კვლევა თითქმის დასრულებულია და შედეგებს  მერიას დაახლოებით 25 სექტემბერს გადაუგზავნიან.

ძველი ბათუმის ეზოებში თითოეულ შერჩეულ პროექტს მერია 10 000 ლარით დააფინანსებს – ეს იდეა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ძველი ბათუმის განაშენიანების რეგულაციებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაახმოვანა. მერი ამ პროექტს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საშუალებას ძველ ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად.

შესყიდვის პირობის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოემზადებინა ეზოების პოტენციალის კვლევა მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრებში შეერჩია სახასიათო, განსაკუთრებული მდებარეობის, არქიტექტურის, ისტორიის, ტურისტებისთვის საინტერესო ელემენტების მქონე ეზოები. შეესწავლა ეზოების ინფრასტრუქტურა, ასევე ეზოებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემები.

მერიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ასევე ევალებოდა  ეზოში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმება:

მიმწოდებელი შეისწავლის, არსებობს თუ არა ეზოში ამხანაგობა, რამდენად არიან მზად ამხანაგობის წევრები ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად და შემსყიდველს წარუდგენს ამხანაგობის შესაბამის წერილობით გადაწყვეტილებას (თანხმობას). იმ შეთხვევაში, თუ ამხანაგობა არ არსებობს, მიმწოდებელმა ორგანიზება უნდა გაუწიოს ამხანაგობის ჩამოყალიბების პროცესს; ასევე, ეზოებში მცირე (მიკრო) ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადებას.
ა) ეზოების სახასიათო შტრიხების და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამხანაგობასთან შეთანხმებით, კონკრეტული მცირე ბიზნესის განვითარების მოდელების მომზადებას;
ბ) ბიზნესის განვითარების მოდელების შესაბამისად, ეზოების ვიზუალური გაუმჯობესების დიზაინების შემუშავებას;

რამინ გვარიშვილის ინფორმაციით, ათი ეზო უკვე შერჩეულია, თითქმის დასრულებულია ბიზნესიდეების პროექტების მოდელების მომზადებაც, იდეები ეზოების ისტორიების მიხედვით გაჩნდა:

„მაგალითად არის ეზოები, რომლებიც გამოირჩეოდა ყვავილნარით, ამ თემაზე მოვამზადეთ ეზოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მცირე ესკიზი და ამ ესკიზის შესაბამისად მოვამზადეთ კაფეს მოწყობის პროექტი. ძირითადად, კაფეს ინფრასტრუქტურას მოვიაზრებთ, რადგან პროექტებმა შემდეგ ამხანაგობებს შემოსავალი უნდა მოუტანოს. არის ეზო, რომელსაც ჰქონდა მარანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი მოვუმზადეთ, ამ ეზოში შეიძლება იყოს ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და ასე შემდეგ… ძირითადად, საუბარია ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ტურისტისათვის“, – ამბობს რამინ გვარიშვილი.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი