მთავარი,სიახლეები

20 აგვისტოდან მევახშეები თქვენს ბინას გარანტიის სახით ვეღარ ჩადებენ

09.08.2018 • 8422
20 აგვისტოდან მევახშეები თქვენს ბინას გარანტიის სახით ვეღარ ჩადებენ

20 აგვისტოდან მევახშებისთვის კანონი იცვლება. თუკი აქამდე გაცემული სესხის დაბრუნების სანაცვლოდ მევახშე ბინის ჩადებას ითხოვდა გარანტიის სახით, 20 აგვისტოდან ამის მოთხოვნის უფლება მას აღარ ექნება. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მევახშეები ვერც თქვენს ავტომანქანას გამოიყენებენ სესხის დაბრუნების გარანტიად.

„ამ წესის ამოქმედების შემდეგ ფიზიკური პირები ვეღარ შეძლებენ მათ მიერ გაცემული სესხისთვის გარანტიაში ჩადონ მოვალის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, ავტომანქანები და ა.შ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებსა და მირკოსაფინანსო  ორგანიზაციებზე,“ – განმარტავს კომპანია „იურიდიული მრჩეველის“ ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

გამონაკლისი იპოთეკის შემთხვევაა – იურისტის თქმით, თუ იპოთეკის საგანს საცხოვრებელი მიზნებისთვის იყენებს ფიზიკური პირი, მაშინ მას უფლება აქვს გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად (გარანტიად) იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება.

„ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით მხარეებს უფლება ჰქონდათ, დაედოთ შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იპოთეკის ან გირავნობის საგნის რეალიზაცია მოხდებოდა, მაგრამ მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი არსებული ვალის დასაფარად, მაშინ კრედიტორი დარჩენილი თანხის ამოღებას მიმართვდა სხვა ქონებიდან. ახალი ცვლილებებით, კრედიტორს ამის უფლება აღარ ექნება.

20 აგვისტოდან მევახშეებს უფლება აქვთ სესხი გასცენ და სესხის არსებობა, ასევე პროცენტული დანამატები, ხელშეკრულებით დაადასტურონ. თუ მევახშეს ფულს არ დაუბრუნებენ, მას უფლება ექნება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოს მიმართოს.

ცვლილებებია ასევე  მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას. პირველი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ახალი რეგულაციები არ ვრცელდება მანამდე არსებულ ურთიერთობებზე,“ – აღნიშნავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ამ ცვლილებებით არსებითად არაფერი შეიცვლება, მევახშეები ისევ  განაგრძობენ საქმიანობას,“ – ასეთი მოლოდინი აქვს ეკონომისტ ზურაბ კუკულაძეს. მისი აზრით, ვიდრე ქვეყანაში დაბალპროცენტიანი სესხი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, არაფერი შეიცვლება.

„თუ ქვეყანაში არ შეიცვლება ფინანსური მოწყობის მოდელი, მხოლოდ ეს რეგულაცია გამოსავალი ვერ იქნება. რეგულაციები მაშინ არის გამართლებული, როცა მას ახლავს თანმდევი პოლიტიკა. ჩვენთან ბანკების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია „კრედიტ ინფოს“ შავ სიაში და ეს ტენდენცია არის მზარდი. ამ მოცემულობაში რთული არაა მევახშეებმა გამოსავალი იპოვონ,“ – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

ეკონომისტს მოლოდინი აქვს, რომ მევახშეები მხოლოდ სესხის ხელშეკრულების გაფორმებას გარანტიების გარეშე არ დაკმაყოფილდებიან და მას, ვისაც სესხი უნდა მისცენ, მაგალითად, საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულების დადებას მოსთხოვენ.

„ეტყვიან, რომ ბინას დაგიბრუნებ, თუ სესხს თავის დროზე დამიბრუნებო… სხვა ათასი რამის მოფიქრება შეიძლება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვით მევახშეების მიმართ ინტერესი ვერ შემცირდება, რეალურად ფინანსური რესურსების პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ,“ – დასძენს ზურაბ კუკულაძე.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილიც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უნდა იფიქროს. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი რეგულაციებით ის შედეგი მიიღწევა, რა მიზეზითაც ის კანონმდებლებმა მიიღეს.

„ამის საფუძველს მაძლევს რამდენიმე წლის წინ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისთვის სავალდებულო გახდა ნოტარიუსის ჩართულობა. ვალდებულების მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ მიდიოდა ნოტარიუსთან და ერთმანეთში დებდნენ თვალთმაქცურ გარიგებებს. ამით ცდილობდნენ ნაკლები დანახარჯით სასურველი ფინანსური რესურსების მიღებას.  ნოტარიუსის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებები ვერ იყო მყარი გარანტია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოქალაქის მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულება დამოკიდებულია მის ფინანსურ შესაძებლობებზე. თუ მას შემოსავალი არ აქვს, ნოტარიუსის მეშვეობით დადებს ხელშეკრულებას, თუ ინდივიდუალურად, შედეგი მაინც იგივეა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: