ხელვაჩაურის სოფლებს ფაროსანას შემდეგ პეპელა შეესია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მავნე მწერების უჩვეულო მატებაზე საუბრობენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მწერების ამ რაოდენობა სოფელში აქამდე არ ყოფილა, მცირე ზომის პეპლები აზიანებენ მცენარეებს და სახლშიც შედიან. მწერზე არ მოქმედებს ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი, ახლა ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანა თითქმის არ არის, თუმცა მოსახლეობა პეპლებს ვერ იგერიებს.

„შეწამლეს ფაროსანა და დავისვენეთ. მერე გაჩნდა ბუზები, ორ კვირაში წავიდნენ და მოვიდნენ პეპლები, რომლებიც აღარ მიდიან. ასე მგონია, საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. ხმება ხეხილი, ბოსტნეული. მძივებივით არიან ასხმული,  მცენარეს რომ არხევ, ასობით პეპელა მოცვივა, ფოთლები ხმება. არ ვიცი ამ მწერის ბრალია თუ არა ეს, არც ის ვიცი კონკრეტულად რა მწერია, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვართ, ამ რაოდენობის პეპლები არასდროს ყოფილა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რენა ფერცელიძე.

მწერები სახლში

„ძალიან შეგვაწუხა, ვერც ლობიო მოვკრიფეთ, ვერც კიტრი, ძალიან გავრცელებულია პეპელა, რა გვეშველება არ ვიცით. საჭმლის ჭამაც აღარ შეიძლება ისე ბევრია. დღისით უმეტესად მცენარეზეა, მაგრამ საღამოს ცხოვრება შეუძლებელია. არასდროს ყოფილა ამდენი პეპელა სოფელში“ – ამბობს მალხაზ გოგიტიძე, რომელიც ახალსოფელში რვა წელია ცხოვრობს.

„ამ პეპლებს არ ვნებს ფაროსანაზე წამლობა, როგორც მოსახლეობა ამბობს. ფაროსანაზე არის შედეგი, მაგრამ ამ პეპლებს ვერ ერევა. მოსახლეობა შეწუხებულია, მაგრამ რა ვქნათ. ბუზს და პეპელას ვერ მოერია შეწამვლა. სანამ ფაროსანა არ იყო, მანამდე იყო ეს პეპლები, ფაროსანა რომ გამოჩნდა, მერე პეპელა არ იყო. ახლა ისევ გამოჩნდა“ – ამბობს ბათუმელებთან რეზო სურმანიძე, ახალსოფელი-ავგიის უმცროსი სპეციალისტი.

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან:

„ველოდებით სურსათის უვნებლობის სააგენტოდან პასუხს, თუ რა მწერია ეს, რომ ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, რა პრეპარატით ვებრძოლოთ, რა ღონისძიებები გავატაროთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროც საქმის კურსშია“ – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com