მიკროავტობუსისთვის სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 5-ის ნაცვლად შესაძლოა 50 ლარი გახდეს

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები] 50 ლარით უნდა განისაზღვროს.

მერიის ინიციატივა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 28 ივნისის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.

საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება 2012 წელს მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დღეს, სამარშრუტო მიკროავტობუსის მესაკუთრე [სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი] ნებართვისთვის, ერთ მიკროავტობუსზე თვეში 5 ლარს იხდის.

ახალი დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში, სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის, ნებართვის ფასის [50 ლარის] გადახდა განხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის მიკროავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით. ანუ, ნებართვის მფლობელი გადაიხდის იმდენ 50 ლარს თვეში, რამდენი მიკროავტობუსიცაა განსაზღვრული ამა თუ იმ სამარშრუტო ხაზზე.

ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება კონკურსის გზით. კონკურსის ახალი წესები და პირობებიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, კონკურსის დასრულებამდე, როგორც ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილებაში გვითხრეს, ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ დღეს არსებული რაოდენობით და არსებული სქემით.

სამარშრუტო მიკროავტობუსებს, 2018 წლის პირველი ივლისიდან, საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული ახალი სქემებით უნდა ემოძრავა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ ახალ სქემებზე გადასვლა კონკურსზე იქნება დამოკიდებული. კონკურსის ჩატარებას და ნებართვის მფლობელების გამოვლენას კი მერიაში მიმდინარე წლის აგვისტომდე ფიქრობენ.

თუ ყველაფერი მერიის გეგმით განხორციელდა, ახალი სქემით სამარშრუტო მიკროავტობუსები ბათუმში აგვისტოდან ივლიან.

სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის დეტალური ახალი სქემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში ივლისიდან – დეტალური რუკები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com