რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი განათლების რეფორმას ეხება. რა იყო სიახლე წარმოდგენილ პროგრამაში და უნდა ველოდეთ თუ რა ახალი სასწავლო წლიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში“, როგორც ამას მამუკა ბახტაძე ამბობს? პრემიერობის კანდიდატის პროგრამას „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აფასებს.

ახალი არაფერი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში, უბრალოდ, ფრაზებია ახალი. ის, რომ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, ხელფასი უნდა გაიზარდოს, მსგავსი რიტორიკა გვესმოდა აქამდეც.

ზოგადი ფრაზები, რომ – მასწავლებლობა უნდა გახდეს პრესტიჟული, ყველა მინისტრის დროს ითქვა. ძველი ამბავია მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის პროგრამების ინტეგრირება, 60-კრედიტიანი პროგრამები და ა.შ. ორი წლის წინ იყო ამაზე საუბარი. არაფერი ამაში განსხვავებული არ არის.

იმას ამბობთ, რომ სიახლე არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს?

სამწუხაროდ არა. თუ ზოგადად საუბრობს იმაზე, რომ უფრო მცირე მთავრობა უნდა იყოს და ნაკლები ბიუროკრატია, ეს შეიძლება ჩავთვალოთ სიახლედ, მაგრამ განათლებაში ასეთი ნაბიჯი არაფერს შეცვლის.

საუბარია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანებაზე. რა შეიძლება მივიღოთ გაერთიანების შემთხვევაში?

ჩვენს კონტექსტში არ ვიცი რაიმე გავლენა ექნება ამას თუ არა, მაგრამ, ზოგადად, მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ დღეს არის ბევრი ისეთი რეგულაცია, ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც გასაუქმებელია, რაც თავისთავად დაზოგავდა ბიუჯეტს.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ასეთი რეგულაციის კონკრეტული მაგალითი?

მაგალითად, დღეს სახელმწიფო ყველა სკოლაში ატარებს გამოსაშვებ გამოცდებს, სახელმწიფო ყველა სკოლაში არეგულირებს, როგორ უნდა შეფასდეს თითოეული მასწავლებლის შრომა სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგების მიერ, როგორ უნდა იყოს ეს დოკუმენტირებული, როგორ უნდა დაწინაურდეს მასწავლებელი და ა.შ. ამ ყველაფერს სახელმწიფო არეგულირებს და მონიტორინგსაც ეწევა ყველა სკოლის დონეზე და შემდეგ სათითაოდ, ყველა მასწავლებელზე, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია ცალ-ცალკე აგროვებს მონაცემებს იმისათვის, რომ სკოლებს დამატებით გაუგზავნოს ფული მასწავლებლების კატეგორიების მიხედვით და არის კიდევ უამრავი სხვა მაგალითი.

მაგალითად, გამოსაშვებ და მისაღებ გამოცდებზე იხარჯება ათ მილიონზე მეტი ლარი წელიწადში. ცხადია, ეს არ არის უზარმაზარი თანხა, როცა განათლების ბიუჯეტს ვუყურებთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ბევრი თანხა გროვდება.

თუ სტრუქტურულ ცვლილებას აკეთებენ, მაშინ უნდა გააძლიერონ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა მასწავლებლის სახლი, გამოცდების ცენტრი და ა.შ. მათ უნდა მიანიჭონ მეტი დამოუკიდებლობა. დღეს მასწავლებლის სახლი იღებს ელემენტარულ გადაწყვეტილებებს. წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია, რომელსაც 15 მილიონამდე ბიუჯეტი აქვს, ინტერნეტსაც კი ვერ ყიდულობს სამინისტროს გარეშე. ეს აბსურდია.

თუ მიხვალ ორგანიზაციაში, აღმოაჩენ, რომ არ მუშაობს youtube, რადგან სამინისტრომ გაუთიშა.

ამას რომ თავი დავანებოთ, სხვა გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის, მაგალითად, მასწავლებლების სატრენინგო კურსების აკრედიტაცია, ამაზეც კი ვერ იღებს ორგანიზაცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.

სამინისტრო ზედამხედველი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ერეოდეს გადაწყვეტილებებში. უნდა აძლევდეს პოლიტიკის მიმართულებას, ეუბნებოდეს რა მიზანს უნდა მიაღწიოს, ცენტრი კი შესთავაზებს თავის ხედვას, თუ როგორ მიაღწევს ამ ყველაფერს.

ეს შედარებით უკეთესად გამოსდის გამოცდების ცენტრს, თუმცა აქ ის არის პრობლემა, რომ გამოცდებზე ცენტრი კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ სამინისტრო.

თუკი ბახტაძე ისაუბრებდა თუნდაც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე ან იმაზე, რაზეც ისაუბრეთ, ალბათ, უფრო ახლოს იქნებოდა რეფორმასთან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დგამს ასეთ ნაბიჯებს სახელმწიფო?

შეიძლება იყოს ბიუროკრატიული ინტერესიც, რადგან გამოცდების ცენტრმა აჩვენა, რომ აქვს ეს ინტერესი, როცა ამ გამოცდების გაუქმებაზე დაიწყო საუბარი. ყველას დაავიწყდა – ეს გამოცდები იმიტომ შემოიღეს, რომ მისაღები გამოცდების რაოდენობა შემცირებულიყო.

ამ გამოცდების გაუქმებით იზოგება არა მარტო სახელმწიფო, კერძო ბიუჯეტიც, რადგან მოსწავლეებს აღარ უწევთ რეპეტიტორებისთვის ფულის გადახდა. სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, იცის თუ არა ბავშვმა ის, რაც უნდა იცოდეს. ეს გამოცდები ხომ რეალურად ძალიან პატარა ნაწილს ამოწმებს. ვერ ამოწმებს ბავშვის მონდომებას, მის ურთიერთობას სხვებთან, ჯგუფურ მუშაობას და ა.შ.

მართვის პრინციპებია შესაცვლელი, საჭიროა განათლების პოლიტიკის მეტი დიფერენცირება. არ შეიძლება სახელმწიფო ერთი და იმავე მექანიზმებით ცდილობდეს სხვა ტიპის დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის პრობლემების მოგვარებას.

ამის მაგალითია სქემა, რომელიც ცდილობს ყველა ტიპის სკოლაში – იქნება ეს პატარა, დიდი, ქალაქის თუ სოფლის, ერთნაირი მექანიზმით განავითაროს მასწავლებელი.

თან, ყველანაირი მასწავლებელი გვინდა, რომ ერთნაირად განვავითაროთ. მასწავლებელი, რომელიც ორი წლის წინ შევიდა სკოლაში და მასწავლებელი, რომელიც 41 წელია სკოლაშია – ორივეს ერთსა და იმავე საფეხურიდან ვაწყებინებთ განვითარებას. ადამიანი, რომელიც პენსიაზე აპირებს წასვლას, არ განვითარდება.

თუ განათლების სამინისტრო სხვა სამინისტროებთან გაერთიანდება, ეს შეამცირებს ბიუროკრატიას?

როცა ხედვა არ არის, მაშინ ეს არაფერს ცვლის. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო მიუერთეს განათლების სამინისტროს წლების წინ და ამას არანაირი პოზიტიური ცვლილება არ მოჰყოლია. ჩვენს რეალობაში მინისტრები ძალიან დაბალ დონეზე ეწევიან მიკრომენეჯმენტს და მონაწილეობენ ისეთ საკითხებში, რაც მათ კომპეტენციებს არ შეეფერება. ეს მოითხოვს იმას, რომ კიდევ უფრო მეტ საკითხში უნდა გაერკვეს მინისტრი, რომელიც უფრო ბევრ სფეროზე იქნება პასუხისმგებელი. ძალიან რთულად წარმომიდგენია დღეს მინისტრი საქართველოში, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ეურთიერთოს ძიუდოისტებს, მასწავლებლებს, რეჟისორებს და არ ვიცი, კიდევ ვის.

როგორ ფიქრობთ, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებაა ეს?

ზოგადად, მთავრობის იდეოლოგი – ძველისაც იყო და ახლისაც არის ის, რომ სერვისები გადაიტანო სახლში ან ბიზნესებში, რომ კერძო სტრუქტურები გაძლიერდეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის როლი მცირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ უჭირს ხელისუფლებას როგორც ადამიანური, ასევე, ფინანსური რესურსების პოვნა. შეიძლება უნდოდეთ თანხის დაზოგვაც, მაგრამ დაიზოგა თუ არა წინა წლებში, არ მახსოვს.

მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ „ფეისბუქში“ იმის გამო, რომ მათ ხელფასების მომატებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეკონომიკის გაუმჯობესების შემთხვევბაში შეჰპირდა. უნდა აისახოს თუ არა თუნდაც პედაგოგების ხელფასების ზრდაზე დაზოგილი ბიუჯეტი?

როცა მასწავლებლის ხელფასი სახელმწიფოზეა მიბმული, ხელფასების თემა ყოველთვის მანიპულაციის საკითხია. სწორედ ამისთვის არის მოფიქრებული სქემა, რომ მასწავლებელმა უფრო ნაკლებად გააპროტესტოს ხელფასების საკითხი. სქემას პასუხისმგებლობა გადააქვს მასწავლებელზე, გინდა მაღალი ხელფასი? – შეგიძლია გქონდეს, თუ წაიწევ კარიერაში. თუ არ გაქვს, შენი ბრალია. ასე, რომ ძალიან კარგად მოფიქრებული საკითხია.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის პროგრამას, მან, უბრალოდ, წარმოადგინა ის, რაც სამინისტროში მიაწოდეს. ეს არ არის წლობით ნაფიქრი საკითხები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com