რატომ იმატა განქორწინების მაჩვენებელმა – „წამყვანი მიზეზი ღალატია“

განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს. სტატისტიკის თანახმად, თუ ათი წლის წინ საქართველოში 3189 ადამიანი განქორწინდა, გასულ წელს განქორწინების 10 222 შემთხვევა დაფიქსირდა.

რატომ იმატებს განქორწინების მაჩვენებელი? – ადვოკატები, რომლებიც წლებია განქორწინების დავებში მხარეთა ინტერესებს იცავენ, განმარტავენ, რომ რამდენიმე ახალი ფაქტორი გამოიკვეთა. მათი თქმით, ბოლო დროს ძირითადად ცოლები ითხოვენ განქორწინებას და წამყვანი მიზეზი ღალატი გახდა.

ადვოკატი ზაზა პაპიძე განქორწინების საქმეებზე მეშვიდე წელია მუშაობს. მისი დაკვირვებით,  მამაკაცის მხრიდან ღალატი განქორწინების მთავარი მიზეზი გახდა.

„ზოგადად ღალატის თემა გააქტიურდა, მაგრამ ძირითადად ცოლებს სურთ განქორწინება ქმრის ღალატის გამო. ასევე გააქტიურდა პირად ურთიერთობებში ჩარევა. მაგალითად, ქალი ამბობს, რომ დედამთლი, ან მამათილი ოჯახის საქმეებში ერევა, რომ მშობლები ცდილობენ ჰქონდეთ გავლენა და ასე შემდეგ. შესამჩნევია ისიც, რომ გაცილებით უფრო ახალგაზრდა წყვილები ითხოვენ ახლა განქორწინებას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ასევე, რასაც ვაკვირდები, განქორწინების მოთხოვნას მაშინვე თანხმდება მეორე მხარე, დავა ძირითადად სხვა, ქონებრივ საკითხებზე მიდის,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, დღეს განქორწინებას 90 პროცენტი ქალი ითხოვს,“ – ამბობს ადვოკატი კოტე გელაშვილი. ის ბოლო 20 წელია მუშაობს განქორწინების საქმეებზე.

კოტე გელაშვილის თქმით, სტატისტიკაში განქორწინების მაჩვენებლის მატება პირდაპირ კავშირშია ქალთა უფლებებთან. იგი თვლის, რომ „ქალები ბოლო წლებია უფრო მეტად იცავენ საკუთარ უფლებებს, ვიდრე მანამდე“.

ადვოკატმა კოტე გელაშვილმა ასევე გვითხრა, რომ სტატისტიკაში განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ ქალების ნაწილი ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ  მაინც განქორწინებისგან თავს იკავებს.

„ხშირად მოდიან ქალები, იღებენ კონსულტაციებს და საბოლოოდ დავის დაწყებაზე უარს ამბობენ. აქამდე სასამართლო დავაზე ქალი ძირითადად მენტალიტეტის გამო ამბობდა უარს, ის ანგარიშს უწევდა საზოგადოებრივ აზრს. დღეს ძირითადად ისინი სვამენ შეკითხვებს: რა სარგებელს მიიღებს იგი განქორწინების შემდეგ, რა ქონება შეხვდება, რა ელის შვილს და ასე შემდეგ. დღეს უფრო აქტუალურია ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი.

ღალატიც არის განქორწინების ხშირი მიზეზი, პირად ცხოვრებაში ჩარევა, ძალადობა… ვფიქრობ, მთავარი მაინც არის ის, რომ ოჯახები იქმნება გაუზრებლად და როცა რაღაც წინააღმდეგობა იქმნება, მისი გადალახვის რესურსს ვეღარ ხედავენ,“ – აღნიშნავს კოტე გელაშვილი.

სოციოლოგი ოჩი კოცელიძე მიიჩნევს, რომ განქორწინების მატება თავად განქორწინების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლამ განაპირობა. ის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, რის გამოც შესაძლოა, საქართველოში ბოლო წლებში განქორწინების მაჩვენებელმა იმატა:

„საზოგადოების მიერ განქორწინება ისე მწვავედ და მიუღებლად აღარ აღიქმება, როგორც ადრე აღიქმებოდა. უარყოფითი დამოკიდებულება, პირველ რიგში, განქორწინებული ქალების მიმართ შეიცვალა. დამოკიდებულების ცვლილებას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საჯარო სივრცეში და მასმედიაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ აქტიურმა დისკუსიებმა და კამპანიებმა, რამაც გაზარდა საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობა და ინფორმირებულობის დონე (მაგ: ქალთა კვოტირების თემა, ადევნების შესახებ კანონის მიღება, ქალთა სექსუალური შევიწროვების შემთხვევებზე საზოგადოების რეაგირება და ა.შ.)

განქორწინების კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა იყოს დიდხნიანი შრომითი ემიგრაცია. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის სიხშირის შემცირება და ერთმანეთის მიმართ გაუცხოება ხშირ შემთხვევაში განქორწინების საფუძველი ხდება.“

ფემინისტი ეთუნა ნოღაიდელისთვის ადვოკატების მიერ დასახელებული ტენდენცია – განქორწინების პროცესს ხშირად ქალი იწყებს – ლოგიკურია, რადგან მისი აზრით, ოჯახის ინსტიტუტი კულტურულად ბევრად უფრო ზღუდავს ქალს, ვიდრე მამაკაცს.

განქორწინების მაჩვენებლის ზრდა სტატისტიკაში ეთუნა ნოღაიდელს აჩვენებს, რომ ქალი თანდათან უფრო გრძნობს საკუთარ უფლებებს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ჩარჩოებში მოქცეული სექსუალობაა, რომელიც ქალსაც და მამაკაცსაც კარნახობს იმას, რომ მათი თვითრეალიზება, პირველ რიგში, კარგი ოჯახის შექმნაა.

„ადამიანები ახლა ბევრად მეტ ინფორმაციას იღებენ სექსუალობაზე, ჩვენ ვერ გავურბივართ გლობალურ ღირებულებებს, მაგრამ ჩვენი კულტურული მოთხოვნა იმდენად ძლიერია, რომ ქალი “ასეთი უნდა იყოს”, გვაქვს ჭიდილი ადგილობრივ ტრადიციებთან. გარეგნულად ქართველი ქალი გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე ემანსიპირებულ ქვეყანაში შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა ემანსიპაცია რეალურად დამდგარი არ არის სექსუალური თავისუფლების თვალსაზრისით. ქალი რაღაც ტიპის დინებას მიყვება და ხშირ შემთხვევაში ეს მთავრდება ქორწინებით. ქორწინება იშვიათად არის შედეგი იმისა, რომ რეალურიად ადამიანს თავის სექსუალობაზე კონტროლი აქვს. შეიძლება ადამიანს უნდოდეს, რომ უბრალოდ არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ ასეთი წყვილი ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მოექცევა. შესაბამისად, გლობალური ცხოვრების წესმა უფრო მეტი თავისუფლებისკენ უბიძგა ადამიანებს, მაგრამ ეს მაინც ჰეტენორმატიული ქორწინების მოდელით სრულდება,“ – გვითხრა ეთუნა ნოღაიდელმა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთი განმავლობაში განქორწინების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • 2017 წელი – 10 222.
  • 2016 წელი – 9539
  • 2015 წელი – 9112
  • 2014 წელი – 9119
  • 2013 წელი –  8039

განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739.

იმერეთის შემდეგ, განქორწინების  სიხშირით ქვემო ქართლი გამოირჩევა – 1067 შემთხვევა, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 825, კახეთი – 783, აჭარა – 678, შიდა ქართლი – 651, გურია – 237, სამცხე-ჯავახეთი – 217.

განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. აქ გასულ წელს 72 წყვილი განქორწინდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი