კერძოდ, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე, გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართობში, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ მომდევნო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ სამგზავრო ავტობუსების გამოყოფას, რეგულარულად, ერთი საათის ინტერვალით, რომლებიც გარემოვაჭრეების მიერ შერჩეული ქალაქის ტერიტორიიდან მოემსახურება ნებისმიერ პირს, მათი უფასო ტრანსპორტირების მიზნით, გოგოლის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში და პირიქით.
სავაჭრო ადგილები გარემოვაჭრეებს გამოეყოფათ უფასოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იმოქმედებს არანაკლებ 24 თვის განმავლობაში.
მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიების ნებაყოფლობით გათავისუფლება და უკანონო გარევაჭრობის შეწყვეტა, მერია განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ღონისძიებას, როგორც სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების ამოქმედების, ასევე, უნებართვოდ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცეების გათავისუფლების კუთხით.