მთავარი,სიახლეები

მერია მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს

19.05.2018 • 1706
მერია მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ბათუმში 15 ერთეული ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოვა. ამ ავტობუსების ფერის შესარჩევად კი მერია მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავს. მერიის პრესსამსახურის თქმით, სასურველი ფერის შესახებ ინფორმაციას მომწოდებელ კომპანიას მერიამ ერთ კვირაში უნდა მიაწოდოს:

„ორშაბათს უკვე გამოვაქვეყნებთ გამოკითხვას ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემათ. გამოკითხვაში შეტანილი იქნება ყველა ძირითადი ფერი და შესაძლებელი იქნება სხვა სასურველი ფერის დამატებაც.“

გამოკითხვის შესახებ წინასწარ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა, მოქალაქეები წერდნენ, რომ მთავარია არ იყოს ყვითელი, რადგან ის ბათუმში უკვე არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებთან ასოცირდება, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული.

 

მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქს ორმოცი ერთეული ახალი ავტობუსი მოემსახურება. ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული, ნაწილობრივ დაბალძირიანი ავტობუსების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით [EBRD] ფინანსდება.

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჩერკასს“ შორის ხელშეკრულება 16 მაისს გაფორმდა. შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელშეკრულების ფარგლებში, ავტობუსების მერიისთვის მიწოდება ეტაპობრივად წლის ბოლომდე დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: