შპს „სტადიონის“ დირექტორად ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორის,  სულხან ხალვაშის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა და  შპს „სტადიონის“ დირექტორად კურორტ გოდერძის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტები ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრში  დღეს, 14 მაისს, წარადგინა.

ზურაბ ჭურკვეიძე კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასი 3750 ლარია.

შპს „სტადიონი“ აჭარის მთავრობამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით შექმნა და მოგვიანებით ამ ორგანიზაციას გადააბარა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობაც.

ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორი მალხაზ მახარაძე იქნება. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის კურორტ „გოდერძის“ შესყიდვების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა.  კურორტის დირექტორის ხელფასი 3000 ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი