ქობულეთში ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ეზოში შესასვლელების წინ მონიშნეს

ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსების გასაჩერებლი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთანაა მოწყობილი.

რატომ მოეწყო ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი ეზოს შესასვლელის წინ? – ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა კაიკაციშვილმა გვითხრა, რომ ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან „რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო დასახლებაა,“ – თქვა მან.

ზაზა კაიკაციშვილის განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო მონიშვნები ამ ქუჩის ინსფრასტრუქტურული რეაბილიტაციის ფარგლებში გაკეთდა. საგზაო მონიშვნების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეადგინა. ქობულეთის მერიას ამგვარ მონიშვნაზე შენიშვნა არ ჰქონია.

„სხვა ალტერნატივა არ იყო. თუ მოქალაქე სახლიდან გამოდის ავტომანქანით, ან შედის და ამ დროს ავტობუსი გაჩერდა, ის უნდა დაელოდოს გზის გათავისუფლებას, ამის გამო შეფერხება არ იქნება,“ – განმარტა ზაზა კაიკაციშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი