კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ბათომის“ წევრი ზურაბ პატარაძეზე: „გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ“

08.03.2018 • 4599
„ბათომის“ წევრი ზურაბ პატარაძეზე: „გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ“

ორგანიზაცია „ბათომის “ წევრი შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ზურაბ პატარაძე ამ გადაწყვეტილებით „საბოლოოდ გაიშიფრა“. მან ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათომისთვის“ მიცემული პირობა შეასრულა და კმდს ზონალური საბჭოს შემადგენლობა განაახლა, ოღონდ მისი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საბჭოს შემადგენლობაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ისევ საჯარო მოხელეებს დაუტოვა.

შოთა, თქვენი მოთხოვნა იყო ზონალური საბჭოს განახლება, კმაყოფილი ხართ ახალი შემადგენლობით?

ჩვენი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს კანონს დაქვემდებარებოდა და დაკომპლექტებულიყო ადამიანებით, რომლებსაც ცოდნა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მგრძნობელობა ექნებოდათ. ნუგზარ ძნელაძის დატოვება საბჭოში გასაგებია რასაც ემსახურება, იგივე ზვიად ბურჭულაძის, რომელთან ერთადაც ამდენი წელია ვმუშაობთ და მას არასოდეს ძეგლის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფარცხალაძეს არ ვიცნობ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,  მაგრამ მის მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არაფერი მსმენია, ჩუმად რამეს თუ იცავდა არ ვიცი. ცხადია, რომ პატარაძე გვეკეკლუცება უნიჭოდ; ცხადია, რომ არ არის მისთვის ღირებული არანაირი კულტურა, ისტორია და ძველი ბათუმი. ამჯობინებს, რომ საეჭვო გარიგებებზე წავიდეს ე.წ. ინვესტორებთან – ეს აშკარაა.

თქვენი კრიტიკის პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ საბჭოს წევრებს აქვთ შეხება არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ეს არის უბედურება სწორედ, რომ შეხება აქვთ, ამასთან ნუგზარ ძნელაძეს ძალიან დიდი ხანია და ანგრევს და ანადგურებს ამ ქალაქს. მე არ ვამბობ, რომ არ აქვთ მათ შეხება, მაგრამ ეგ არის სწორედ უბედურება. ის, წლებია ამ საბჭოს წევრია, ხომ შეიძლება  ვინმემ დეტალურად განიხილოს მიუღია თუ არა ამ ადამიანს ოდესმე ძეგლის სასარგებლო გადაწყვეტილება, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ვიცით, რომ გაუშვეს მამუჭაძე და უშვებენ მირზას [ცეცხლაძეს]. მირზას, რატომ უშვებენ? მირზა სწორ პოზიციას იჭერდა.

თქვენ ითხოვდით სპეციალისტების შეყვანას საბჭოში, ორი ახალი წევრია, ორივე სპეციალისტია – ერთი არქიტექტორია, მეორე ინჟინერი.

მე რა მინდა ამაზე არ არის საუბარი, ეს ქალაქი დასაცავია, რა არგუმენტი უნდა მოიყვანოს პატარაძემ, გაიშიფრა ეს კაცი საბოლოოდ. ამ დრომდე ველაპარაკებოდით – შენ კაი კაცი ხარ, ცუდი ერმაკოვიაო [ბათუმის ყოფილი მერი] და ეს მართლა დაიჯერა. ამ კაცს რაიმე უნდა მართლა სასიკეთო თუ რა მატრაკვეცობაა ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, ამ საბჭოს „ბათომის“ ნდობა ვერ ექნება. მე ვამბობ ამას ჩემი სახელით და დარწმუნებული ვარ ორგანიზაციის წევრებიც ამ აზრზე იქნებიან. ერთი ადამიანი, ვინც სწორ პოზიციას იჭერდა გაუშვეს.

ჩვენ ვცდილობდით, ნორმალური კონსტრუქციული ურთერთობა გვქონოდა ზურაბ პატარაძესთან, მაგრამ მას არასოდეს არ მიუღია ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ყოველთვის გვპასუხობს, რომ ეს დღეს იქნება ან ხვალ და გვიღიმის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: