ახალი ნავები და კაიაკები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ექვს ერთადგილიან და ორ ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] ყიდულობს. სააგენტომ მათ ბაზაზე არსებული 7-8 ძველი ნავებიც შეაკეთა, ახალ ნავებს კი ორ თვეში მიიღებენ. ჯამში ბათუმის ცენტრალურ პარკში 12 ახალ ნავთან ერთად ოცამდე ნავი იქნება.

„მათგან ორი ნავი გათვლილია პარაოლიმპიელებისთვის (შშმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ და ემზადებიან შეჯიბრებებისთვის), დანარჩენი ნავები იქნება იმისთვის, რომ გაზაფხულიდან მოსწავლეების მიღება დაიწყოს ელინგმა,“ – ამბობს ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.

სასპორტო ნავების, ნიჩბებისა და სხვა ინვენტარის შესანახად და შესაკეთებლად აგებული ხის ელინგი ზოოპარკის ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირედ განთავსდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, ელინგში საშხაპეები და გასახდელებიც მზადაა. ვარჯიშები კი ბათუმის ცენტრალურ პარკში გაზაფხულიდან დაიწყება.

„ძველი ნავებიდან, რაც აღვადგინეთ, ზოგს სამუზეუმო ექსპონატის დანიშნულება ექნება. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტრადიცია იყო. ამ სპორტის კულტურა რომ გაგვაჩნია ბათუმში, ესეც გვინდა ჩანდეს. სანიჩბოსნო სპორტი ჩვენს ტბაზე იყო დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან კარგი სპორტსმენები გაიზარდნენ აქ და ეს ტრადიცია, 30-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, აუცილებლად გასაგრძელებელია,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, ნავები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.

ჯერ არ არის ცნობილი, ფასიანი იქნება თუ არა  სანიჩბოსნო სპორტი ბათუმის ცენტრალურ პარკში:

„ეს ორი თვე გვაქვს, ახლა მიდის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ დავაფინანსოთ ეს სპორტი და შევეცადოთ, უარი ვთქვათ მოსწავლეებისგან თანხის აღებაზე, რამდენად გამოგვივა, შევხედავთ. მსჯელობაში ჩართულია განათლების მინისტრი და ქალაქის მერიც,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

 

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ნურიგელის ტბისთვის 30 ათას ლარად სპორტულ კანოეს და კაიაკებს შეიძენენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან