მთავარი,სიახლეები

რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები

22.02.2018 • 5900
რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები

დალი ტრაპაიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში აკვირდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს საქართველოში და მათ შორის, აჭარაშიც. 2018 წლის თებერვალში მან ქობულეთში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა კვლევა – „რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილობის მონაცემები აჭარის პოპულაციაში“. „ბათუმელები“ მას კვლევის შედეგების შესახებ ესაუბრა.

ქალბატონო დალი, კონკრეტულად რა მონაცემები გაქვთ, რა ტიპის დაავადებებზეა საუბარი?

რეპროდუქციულ ქალთა ასაკი მოიცავს 15-49 წელს. ეს განსაკუთრებული რისკის ჯგუფია, რადგან ამ ასაკის ქალებს აქვთ ფიზიოლოგიური სტრეს-ფაქტორები, ესაა: ორსულობა, მშობიარობა, ლოგინობის ხანა და ასე შემდეგ.

საქართველოში ყოველწლიურად რეპროდუქციული ასაკის 900-მდე ქალი კვდება. პირველ ადგილას, სიკვდილიანობის მიზეზის თვალსაზრისით, არის ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილას – ე.წ. გარეგანი მიზეზები, ესაა ტრავმა, სუიციდი და ა.შ. მესამე ადგილას არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ეს მონაცემებია როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში.

შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ ციფრებზე?

სიკვდილის მიზეზებს შორის 45 პროცენტამდეა ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილზეა გარეგანი მიზეზები, ტრავმები და ა.შ. ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 13 პროცენტია რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევაში.

ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არის ავადობისა და სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი. წლების განმავლობაში იყო მითი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება (ეს არის თავის ტვინის ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია) არის მამაკაცების დაავადება და არა ქალების, მაგრამ ბოლო წლებმა ეს მითი დაამსხვრია, რადგან ნომერ პირველი მკვლელი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში არის სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ბოლო მონაცემების გაანალიზებისას ცხადი გახდა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა ე.წ. უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა, როცა ქალი მოკვდა ძილში, დილას იპოვა მეუღლემ გარდაცვლილი და ა.შ. უეცრად გარდაცვლილ ქალებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ სიმპტომი და დადგა სიკვდილი რისკის შეფასების გარეშე. ამიტომ ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ხშირად სიმპტომი შეიძლება იყოს არადიფერენცირებული ჩივილი, დაღლა, გაუცნობიერებელი ჩივილი… ასეთ დროს ქალი ფიქრობს, რომ ეს გულს არ უკავშირდება. საჭიროა პრევენციული ხასიათის ვიზიტი ექიმთან, საქართველოში კი სიმპტომის გარეშე ადამიანი ექიმთან არ მიდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურად დადგა კვლევის შედეგების გაანალიზებისას.

რა არის ამის მიზეზი?

ამის პირველი მიზეზი გახლავთ გათვიცნობიერების დეფიციტი მოსახლეობაში. ქალებში ეს არის გამოწვეული იმ მითით, რომ თითქოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თრომბოემბოლია ქალებს არ ემართებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალებში გულსისხლძარღვთა დაავადებები განსაკუთრებით სპეციფიკურად მიმდინარეობს, ხშირად არადიაგნოსტირებულია და მკურნალობის გარეშე რჩება.

ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა ქალს აქვს ჰიპერტენზია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს დროებითი და სიტუაციური მოვლენაა, ანუ კავშირშია რაღაც სტრესთან და ა.შ. როცა აუწევთ წნევა, მაშინ იღებენ წამალს და ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი არ არის გაცნობიერებული. ეს გახლავთ ყველაზე არასწორი მკურნალობა. თანამედროვე წნევის დამწევ, სისხლძარღვების დამცავ პრეპარატებს აქვთ ასეთი თვისება – ისინი მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ასე ვთქვათ, იკრებენ ძალას, ხოლო როცა პაციენტი ეპიზოდურად იღებს მედიკამენტს, პრეპარატი ყოველ ჯერზე თავიდან „იქოქება“ და სასურველი ეფექტი არ დგება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „წნევა რომ ამიწევს, მაშინ დავლევ“ – არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა.

ერთ კვირაში რომ არ აქვს ეფექტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს ეფექტი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ან დოზის გაზრდაა საჭირო, ან კომბინირებული მკურნალობა. ძალიან აქტუალური და მტკივნეული საკითხია ჩვენთან, რომ მოსახლეობამ ნაკლებად იცის ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი.

არის მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პრევენციას. ქალმა, რომელიც შედის რისკჯგუფში, მაგალითად, მოიხმარს თამბაქოს, აქვს ჭარბი წონა, ჰიპერტენზია რომ არ დაემართოს, კორექცია უნდა გაუკეთოს რისკფაქტორებს, მავნე ჩვევებზე უარი თქვას, სუფრის მარილისადმი დამოკიდებულება შეცვალოს და ა.შ. ყველაფრის სათავე არის გაცნობიერება, სწორი ინფორმაციის ქონა. ჩუმ მკვლელს უწოდებენ ჰიპერტენზიას, რადგან სანამ ისეთ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს, როგორიცაა თავის ტვინი და გული, მანამდე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომაც, ყველაზე სასარგებლო და ეფექტური მკურნალობისას, როგორც ქალებში, ისევე მამაკაცებში, არის პირველადი ჯანდაცვა, ამ რგოლის კარგი მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა.

როგორია მამაკაცთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი ქალებთან შედარებით?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები „პრიორიტეტად“ რჩება მამაკაცთა შორის, მაგრამ არის პათოლოგიები, რაშიც ქალები „ვლიდერობთ“. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ასევე მოციმციმე არითმია უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები მამაკაცებში უფრო ხშირია. არის გარკვეული ასაკი მენოპაუზამდე, როცა მამაკაცებში ეს დაავადებები უფრო ჭარბობს, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ, დამცველობითი ფაქტორი ქალისა, აღარ არსებობს.

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში განსხვავებული მდგომარეობა არის რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობის თვალსაზრისით?

განსაკუთრებული თავისებურება ქრონიკული დაავადებების მხრივ არის ის, რომ იკვეთება მეტაბოლური ხასიათის დაავადებები, რაც კავშირშია რეგიონში კვების თავისებურებასთან, რაციონში შემავალი ცხიმის სიჭარბით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო წლებში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების თვალსაზრისით აჭარა უპირატეს ჯგუფში აღმოჩნდა, შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აჭარაში განსაკუთრებული რეგიონული მახასიათებელი არ იკვეთება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, ქრონიკული დაავადებები არ იკურნება, მაგრამ წარმატებულად კონტროლდება, რაც მკვეთრად ამცირებს სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს.

_____________

მთავარ ფოტოზე: დალი ტრაპაიძე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: