ავთანდილ ბერიძისა და სხვების თანამდებობრივ დეკლარაციებს გადაამოწმებენ

უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციის სიზუსტეს საჯარო სამსახურის ბიურო დაადგენს. საჯარო სამსახურის ბიურომ იმ თანამდებობის პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად ავსებენ და რომელთა დეკლარაციაც გადამოწმდება. სიაში სულ 290 პირია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს დააჯარიმებენ.

აჭარის რეგიონიდან სულ 16 ადამიანის ქონებრივ დეკლარაციას გადაამოწმებენ:

ირაკლი პატარიძე, 2017 წლიდან ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე. იგი ამავდროულად ბიზნესსაქმიანობას ეწევა;
ლევან მაისურაძე – აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი;
დავით მაკარაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან გელოვანი – მოსამართლე;
ნათია კაპანაძე – აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი;
ასლან ქათამაძე – ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;
ალეკო თევზაძე – ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსი;
სულიკო სურმანიძე – ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
მირზა ბახტაძე – ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
დურსუნ ჩხეიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი;
თემურ დუმბაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი [ენმ];
თამაზ მურადიშვილი – ხელვაჩაურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;
ზაზა ზოიძე – შუახევის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;
სოსლან ზოიძე – შუახევის საკრებულოს წევრი[ენმ];
ირაკლი ჯორბენაძე – ხულოს საკრებულოს წევრი[ენმ].

რის მიხედვით შეარჩია ბიურომ ადამიანები, ვის ქონებრივ დეკლარაციებსაც გადაამოწმებს? – ბიუროში გვითხრეს, რომ თანამდებობის პირები სისტემამ შეარჩია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ელგუჯა მაკალათია, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ თანამდებობის პირების დასახელება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეძლოთ, მაგრამ მესამე სექტორმა ეს შანსი წელს არ გამოიყენა.

„წელს მთლიანად სისტემამ შეარჩია და ამას აკვირდებოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მესამე სექტორს აკადემიურ წრეებთან ერთად შეუძლია კომისიის შექმნა და თანამდებობის პირების დასახელება, ვის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ან რისკი. ასეთი კომისია წელს არ შექმნილა,“ – გვითხრა ელგუჯა მაკალათიამ.

თანამდებობის პირის დასახელება, ვისი დეკლარაციაც უნდა გადამოწმდეს, მოქალაქესაც შეუძლია. დასაბუთების შემთხვევაში, მოქალაქის მიმართვას ასევე საჯარო სამსახურის ბიუროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი