პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია

საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო].

ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმ დღეს კიდევ ერთი ამბავი მოხდა – არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს.

მოგვიანებით პროკურატურამ ხელახლა დაიწყო გამოძიება მოზარდის ცემის ფაქტზე, მაგრამ პროკურატურამ ძიება ვერ დაასრულა. არასრულწლოვანს, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნით სხეულის დაზიანება ჰქონდა, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. დაზარალებულის სტატუსი გიორგი მიქაუტაძეს მიანიჭეს, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ ბავშვის მშობლები მას გონიოს პლაჟზე ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

„რა ეტაპზეა 2016 წელს ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორ დავით ხარძეიშვილს დაუსვა.

„მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ რამდენიმე უწყება და თხოვნა გავუგზავნეთ, რომ ჩამოსულიყო და მიეცა ჩვენება, მაგრამ, როგორც ჩანს, თავს არიდებს,“ – გვითხრა პროკურორმა.

დავით ხარძეიშვილს ასევე ვკითხეთ, დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე გიორგი მიქაუტაძე. ამ შეკითხვას პროკურორმა ორი სიტყვით უპასუხა: „კი, დაკითხულია“.

დღევანდელ სასამართლო სხდომას არც გიორგი მიქაუტაძე დასწრებია და არც მოსამართლის მუქარაში ბრალდებული ცოლ-ქმარი.

არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა, ასევე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შეუფარდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თქვა, რომ ამ კონკრეტულმა მოსამართლემ – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

გასაჩივრების შემდეგ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და ცოლ-ქმარი გაათავისუფლეს. ამჟამად ოჯახი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაწერის ცნობები წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ სხდომებს ოჯახი საპატიო მიზეზით ვერ ესწრება. ერთ-ერთი ცნობით, კახაბერ ხაჩიძეს 12 თებერვალს ჰქონდა ჩანიშნული ვიზიტი ექიმთან ლონდონში.

„თუ საპატიოა გამოუცხადებლობა, მაშინ როგორ გავაგრძელოთ სხდომა? მათ აქვთ სხდომაზე დასწრების უფლება,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

„ეს თარიღების დამთხვევა ხდება პროცესის გაჭიანურების მიზნით. თუ თავს არიდებენ გამოცხადებას, შესაძლოა, ვიმსჯელოთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე,“ – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა ლონდონში მყოფი თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის მოტივით არ ცხადდებიან სასამართლოში.

„ამის მიუხედავად კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ შანსი. ამ ეტაპზე სასამართლო თავს შეიკავებს სხვა შეფასებისგან,“ – დასძინა მოსამართლემ.

მორიგი სხდომა 23 თებერვალს გაიმართება. მომავალ სხდომაზე ხვიჩა კიკილაშვილისთვის ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მიქაუტაძე მის დანიშვნაზე. მოსამართლე უკვე მონაწილეობდა მოსამართლეების კონკურსში. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილი, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ერთ წელში ეწურება, უვადოდ დაინიშნება. ამის შესახებ გადაწვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს.

„ხომ არ აწყობდა სხდომის გადადება თავად მოსამართლეს, რადგან რამდენიმე დღეში მისი უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა?“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, პაატა დიასამიძეს ვკითხეთ. ის სასამართლოში თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს იცავს.

„სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, მას ამის უფლებამოსილება ჰქონდა. თამარ ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი იყო სამედიცინო ცნობები. მისი სურვილი იყო ის, რომ გამოუცხადებლობა ჩათვლოდათ საპატიოდ,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

პროკურორთან გასაუბრების შემდეგ „ბათუმელებმა“ ადვოკატებს ჰკითხა: რატომ არ მისცა ჩვენება არასრულწლოვანმა გამოძიებას ცემის საქმეზე? – ადვოკატი სულხან კაპანაძე ამბობს, რომ არასრუწლოვანი მკურნალობის კურსს ბრიტანეთში გადის, თუმცა ვიდრე ის ქვეყნიდან გაემგზავრებოდა, პროკურატურას გამოკითხვისთვის რამდენიმე თვე ჰქონდა.

„ამის მიუხედავად, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, არსებობს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ  სცემს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე არასრულწლოვანს. ეს ხელს არ უშლის საქმის დასრულებას,“ – განმარტავს კახაბერ ხაჩიძის ინტერესების დამცველი, სულხან კაპანაძე.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი