სიახლეები

”ეს არის ამორფული პროექტი” – ჰიტ ბათუმის კრიტიკა

22.08.2015 • 1997
”ეს არის ამორფული პროექტი” – ჰიტ ბათუმის კრიტიკა

ზვიად ელიზიანი
ზვიად ელიზიანი

ზვიად, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური „ჰიტ ბათუმის” პროექტი?

თავისი შინაარსით და მიმდინარეობით “ჰიტ ბათუმი” საკმაოდ ამორფული და გაუგებარი პროექტია და ჩემი აზრით, ტურისტების მოსაზიდად ეს პროექტი არაეფექტურია. პროგრამაში არ არის ისეთი მაღალი ცნობადობის ჯგუფები (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), რომლისთვისაც ვიღაც შეიძლება ჩამოვიდეს, თუნდაც თბილისიდან. როცა 3,4 მილიონ ლარს იხდი და პროგრამა გაწერილია რამდენიმე კვირაზე, თანხა იხარჯება არაეფექტურად, რადგან არ არის კონცენტრაცია, ფოკუსი და ტურისტების მოსაზიდად ეს ვერ იქნება ეფექტური. მაგალითად, როცა ფოკუსი გაქვს სამ დღეზე და სამი დღე სთავაზობ საინტერესო ფესტივალს/ღონისძიებას, სამი დღისთვის ადამიანი ჩამოვა, მაგრამ რამდენიმე კვირის მანძილზე ტურისტი ვერ გაჰყვება პროგრამას.

ის, რომ პროექტი დაგეგმილია ნაჩქარევად და დაგვიანებით – ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ტურისტი გეგმავს თავის მოგზაურობას რამდენიმე თვით ადრე, სპონტანურად დაგეგმვა იშვიათად ხდება. სპონტანურობა და ფორს-მაჟორულ ფორმატში რაიმეს დაგეგმვა ასევე საკმაოდ აძვირებს ღონისძიებას. 

ასევე, პროექტის ძირითადი ღონისძიებები დაგეგმილია აგვისტოში, როცა სეზონს რეალურად არ სჭირდება დახმარება. აგვისტოში ისედაც სავსეა ბათუმი ტურისტებით, გართობის ბევრი ელემენტია, კლუბებია, რომელთაც თავისითაც ჩამოჰყავთ მუსიკოსები და ა.შ. გარდა ამისა, აგვისტო არის ყველაზე ძვირი სეზონი, ძვირია სასტუმროები, ფრენები და რატომ ჩამოვა ნაკლებად ცნობილი ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად აგვისტოში ტურისტი?! ივლისში ან სექტებერში სულ სხვა სიტუაციაა, ამ დროს ნამდვილად სჭირდება დახმარება ტურისტულ სეზონს, ოღონდ ასეთი პროგრამით კი არა, არამედ წინასწარ შემუშავებული და კარგად დაგეგმილი პროგრამით.

აგვისტოში ორგანიზებული “ჰით ბათუმის” ღონისძიებებს ფაქტიურად ააქვს უკვე ჩამოსული ტურისტების გართობის დანიშნულება, რისთვისაც 3.4 მილიონი ლარის დახარჯვა არა არის გამართლებული. ჩამოსული ტურისტების გართობა გაცილებით ნაკლები ხარჯებით (და არანაკლები ხარისხით) არის შესაძლებელი.


ანუ, თქვენი აზრით, დროში გაწერილი ღონისძებები გარკვეული პრობლემაა ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით? 


დიახ. მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი რომ ავიღოთ ქართული რეალობიდან, ეს არის ივენთი საინტერესო ჯგუფებით, კონცენტრირებული 4 დღეზე. ანუ ტურისტი გეგმავს ამ დღეებს წინასწარ – გინდ თბილისელი, გინდ უცხოელი. მან იცის, რომ ჩამოვა ფესტვალზე, დღისით იქნება ზღვაზე და ექნება ოთხი ძალიან კარგი საღამო. “ჰიტ ბათუმი” კი სთავაზობს რამდენიმე კვირის მანძილზე გაწერილ პროგრამას, ანუ ერთი კვირით თუ ჩამოდის ადამიანი, მან შეიძლება 1-2 საშუალო კლასის კონცერტს “გამოკრას” ხელი, რაც დიდი ვერაფერი მოტივატორია. 3.4 მილიონ ლარად შესაძლებელია 2-3 ძალიან კარგი დონის 3 დღიანი ფესტივალების ჩატარება (ივნისი და ივლისის პერიოდში), ცნობილი ჯგუფების მონაწილეობით, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი ექნება ვიდრე გაფანტული ღონისძიებების ნაკრებს. 

 „ჰიტ ბათუმი” ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული პროექტია, პროგრამა მრავალფეროვანია, არის ადგილობრივი და უცხოური ჯგუფებიც. როგორ აფასებ პროგრამას?

რაც შეეხება პროგრამას, არის 10 უცხოური ჯგუფი, ძირითადად საშუალო კლასის ბენდები. ერთადერთი, აქაური რეალობიდან გამომდინარე უკრაინული ჯგუფის, “ოკეან ელზის” ჩამოყვანა შეიძლება ჩავთვალოთ საინტერესო გადაწყვეტილებად (ჯერ-ჯერობით 2015 წლის ყველაზე კარგი კონცერტი იყო). ასვე ძალიან საინტერესო ჯგუფია Andrew Belew Power Trio. დანარჩენი ჯგუფები, დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრს არ გაუგია და უცხოელებისთვისაც ნაკლებად ცნობილია. ამ ჯგუფების ჩამოყვანაზე იხარჯება დაახლოებით 800 000 ლარი.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ 3.4 მილიონში ვერ მოხვდა ბათუმური ჯგუფი „ინსაიტი”, რომელიც აქ ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო ცნობილია, ვიდრე „ჰიტ ბათუმის” ფარგლებში ჩამოსული სხვა ჯგუფები. რატომ ვერ მოხვდა მაგალითად ბექა და ათინა (ASEA SOOL), რომელთაც კონცერტებს დავსწრებივარ საზღვარგარეთ და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ხვდებიან?!

რაც შეეხება ბიუჯეტს, ყველა ნაწილში ჩნდება კითხვა. 3,4 მილიონი არის ძალიან დიდი თანხა. შეიძლება ერთდღიანი ან ორდღიანი კონცერტი გააკეთო და დაჯდეს დიდი თანხა, მაგრამ ამ კონცერტს ჰქონდეს ათჯერ და ასჯერ უფრო დიდი ეფექტი, ვიდრე ისეთ პროექტს, როგორიცაა „ჰიტ ბათუმი”.

საერთოდ საინტერესოა, ვინმეს დაანგარიშებული აქვს თუ არა ამ თანხის დახარჯვის შედეგად რამდენი ტურისტი უნდა მოიზიდონ ბათუმში და რა თანხა უნდა დახარჯოს ტურისტმა, რომ ეს თანხა ამოიღოს სახელწიფომ?!

პროექტის ბიუჯეტი არარეალურია იმასთან შედარებით, რაც კეთდება. იგივე, პიარ-კომუნაციების მართვისთვის გათვალისწინებულია 75 ათასი ლარი, პლუს ღონისძებების გაშუქება, კლიპები – 150 000 ლარი, ცალკე ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა 100 000 ლარის მედია მხარდაჭერა და შესყიდვა, ანუ 300 000 ლარზე მეტი ხმარდება ბუნდოვანი შედეგის მქონე პროექტის პიარს. ასევე გაუგებარია, რატომ ღირდა „ოკეან ელზის” ბილეთები 20 ლარი, როცა ეს კონცერტი დაფინანსდა ბიუჯეტის ფულით. კომერციულ კონცერტზე შეიძლება გაიყიდოს ბილეთები, გასაგებია, მაგრამ ამხელა ბიუჯეტის მქონე პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი მუსიკოსების კონცერტისათვის რატომღა ყიდიან ბილეთებს – გაუგებარია.

ივენთის მნიშვნელობა ტურიზმში ძალიან დიდია, ამას ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებიც ადასტურებს, მაგრამ უნდა გათვალო, უნდა შეარჩიო ბენდი, რომელიც არის ცნობილი და ხალხი ჩამოყვება. 2 წლის წინ ვიყავი როჯერ უოტერსის კონცერტზე სტამბულში. საბაჟოზე გავიგე, რომ ამ კონცერტისთვის ავტობუსით საზღვარი გადაკვეთა 1000-ზე მეტმა ადამიანმა, ნაწილი ჩაფრინდა. დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი ჩავიდა საქართველოდან სტამბულში ერთი კონკრეტული კონცერტისთვის. გაჩნია ვის ჩამოიყვან, ვისი დახმარებით. თუ პირდაპირ არხზე გადიხარ მუსიკოსის ჩამოსაყვანად – თანხა უფრო მცირეა. თუ მეორე, მესამე და მეოთხე შუამავლის მეშვეობით აკეთებ კოცენრტს მაშინ სამმაგი და ხუთმაგი დაჯდება ღონისძიება. ყველაფერს სჭირდება სწორი გათვლა, დაგეგმვა, პროგრამის შერჩვეა და ა.შ. „ჰიტ ბათუმის” პროგრამა და ხარჯები ამას არ აჩვენებს.

რაც შეეხება ჯგუფების რანგისა და თანხების საკითხს. მეც მქონია შეხება ამ სფეროსთან და მინდა გითხრათ, რომ არაპროპორციულია გადახდილი თანხა. გასაგებია, რომ კერძო კომპანია აკეთებს ამ ყევლაფრის ორგანიზებას და გარკვეული მოგება მასაც რჩება, მაგრამ ბათუმში არსებულ ორგანიზციებსაც თუ ჰკითხავენ, ადგილობრივ რესურსს თუ გამოიყენებენ – კარგი იქნება. ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხად შეგვეძლო ამ ჯგუფების ჩამოყვანა ან ზოგადად საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება.

 ვისი, მაგალითად?


მაგალითად, ჩამოდის ენდრიუ ბელიუ, და ეს ჩემი აზრით, ბათუმში ჩატარებული კონცერტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი იქნება მუსიკალური თვალსაზრისით [თუ არ ჩავთვლით მაგალითად სტინგის კონცერტს, რომელიც უფრო სასტატუსე კონცერტი იყო]. 230 000 ლარი იხარჯება ამაში. შარშან ჩვენ გვქონდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან საუბარი სამდღიან ფესტივალზე, სადაც ჩამოვიყვანდით არამარტო ენდრიუ ბელიუს თავისი ტრიოთი, არამედ ე.წ. „კინგ კრიმსონ პროჯექტს“, რომელშიც შედის ენდრიუ ბელიუს ტრიო, პლუს ჯგუფ “კინგ ქრიმსონის” ძველი შემადგენლობის რამდენიმე წევრი. ორსაათნახევრიანი კონცერტი ჩვენი პარტნიორების მეშვეობით დაგვიჯდებოდა დაახლოებით 40 000 ევრო, ანუ იმის ნახევარი ფასი, რასაც ახლა იხდის „ჰიტ ბათუმი“ ამ კონცერტისთვის. 

მაგალითისთვის რომ გითხრათ, ბათუმის მერიიდან ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც არის 8-დღიანი, საერთაშორისო ღონისძიება (საშულაოდ ჩამოდის 70-80 ოფიციალური სტუმარი, უმეტესი ნაწილი უცხოელები), ამ ეტაპზე ფინანსდება ქ. ბათუმის მერიდიან ფინანსდება 120 000 ლარით, ანუ კინოფესტივალის ბიუჯეტი არის „ჰიტ ბათუმის“ ბიუჯეტის 3%. ამ თანხაში შედის სტუმრების ჩამოყვანა, განთავსება, პიარი და ყველფერი, რაც სჭირდება კინოფესტივალს. შედარებისთვის – “ჰით ბათუმის” მხოლოდ პიარ/საინფორმაციო კამპანიაზე იხარჯება 300,000 ლარი. წლებია ვითხოვთ ბიუჯეტის გაზრდას, რომ კინოფესტივალი უფრო საინტერესოდ დავგეგმოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მომატებია დაფინანსება. წელს გვქონდა შეხვედრები ქალაქის მერთან, მთავრობის თავჯდომარესთან და ველოდებით პასუხს მხარდაჭერის გაზრდის და ბათუმისთვის ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო კომპლექტის (დიდი ეკრანი, პროექტორი და ა.შ.) შეძენის პროექტზე.

გადაბეჭდვის წესი