სიახლეები

აჭარის კონსტიტუციის განხილვა ქედაში

24.01.2018 • 2333
აჭარის კონსტიტუციის განხილვა ქედაში

დღეს, 24 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა. კანონპროეტის არსებული რედაქცია აუდიტორიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გააცნო.

დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის დღემდე მოქმედ რედაქციაში გარკვეული ტიპის ხარვეზებია და მუშაობა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და უფლებამოსილებების გამიჯვნაზე მიმდინარეობს.

„აჭარის კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტია იმ რეგულაციებისა და უფლებამოსილებებისა, რომელიც აქამდე არსებობდა, ბევრი ხარვეზი იყო, ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის პროცესი. ცვლილებების აუცილებლობა არსებობდა და ის ცვლილებები, რაც შედის, დადებითია. მაღალმთიან აჭარაში რაც გამოიკვეთა არის ის, რომ მოსახლეობას სურს ჰყავდეს მაჟორიტარი. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ მოსახლეობათა ინტერესის გათვალისწინებით შევთანხმდებით,“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში შედის, აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებებს ასუსტებს.

„ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ ავტონომიის უფლებების გაზრდაზე, რომ ამით დეცენტრალიზაციისკენ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონი და აქედან გამომდინარე ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში, რომელიც რეგიონს კომპეტენციას უმცირებს. ყველა ის ცვლილება,  რაც დღეს ხორციელდება, ძირითადად, კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე, დამოკიდებულია პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ აძლევს საშუალებას უმაღლეს საბჭოს უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას კონსტიტუციის სრულყოფისკენ, კლასიკური გაგებით ეს ავტონომიის სტატუსის შემცირებაა,“ – აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

არასათავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, ამ ცვლილებებით ავტონომიის უფლებამოსილებები არც იზრდება და არც მცირდება: „არსებობს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად კომპეტენციების, გარკვეული უფლებამოსილებების ძირითად ნაწილს განსაზღვრავს, ამიტომ არსებითი და განსხვავებული ცვლილებები ვერ შევა.“

„აჭარის კონსტიტუციის პროექტი 19 აპრილამდე უნდა მივიღოთ და შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს გადავუგზავნით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს,  შენიშვნებით დააბრუნებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისეთ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც პარლამენტარების კრიტიკას გაუძლებს და მათ მხარდაჭერას მიიღებს,“ – აცხადებს დავით გაბაიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: