აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

„ქალაქ ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები,“ – აღშნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში.

სად აშენდება ბათუმში ახალი სკოლა? – რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ახალი სკოლისთვის ბათუმში ჯერ ადგილი შერჩეული არ არის.

„განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ამ ეტაპზე აჭარის განათლებისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტული ტერიტორიის შერჩევა-გადმოცემასთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროში, თუმცა რომელი ტერიტორიები განიხილება ახალი სკოლის ასაშენებლად, არ დააკონკრეტეს.

ის, რომ „ბათუმში აუცილებელია ახალი სკოლების მშენებლობა, თამარის  დასახლებაში და ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა,“ – აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას შენიშვნის სახით „შეახსენა“ ოპოზიციამ, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში ბათუმში ახალი სკოლის არც პროექტირების და მითუმეტეს ასაშენებლად, თანხა არ არის გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი კორპუსის აშენებას ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. ამავე პროგრამით შეისყიდიან შენობის პროექტს მე-15 სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 2018 წელს 8 მილიონითაა განსაზღვრული.

„მიზანშეწონილია პროგრამას დაემატოს მიმდინარე რემონტის კომპონენტი და 2018 წლიდან გაცემულ იქნას დაფინანსება მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად იმ სკოლებში, რომლებიც დაფინანსების სიმწირის გამო ვერ ახერხებენ რემონტის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომში უფრო მასშტაბური და კაპიტალური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი,“ – მიუთითეს უმაღლესი საბჭოდან აჭარის მთავრობას.

„რაც შეეხება სკოლებისათვის დაფინანსების გაზრდას, აღნიშნული არ წარმოადგენს წინამდებარე პროგრამის მიზანს და სკოლების დაფინანსების საკითხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა,“ – ასეთია რეგიონის მთავრობის პასუხი.

„განიხილება ბათუმის N4 სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსის მშენებლობის საკითხიც.  რაც შეეხება თამარის დასახლებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, რომელმაც უნდა განახორციელოს N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სამინისტრო შეისყიდის ამავე სკოლის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს. შესაძლებელია კომპლექსი მოიცავდეს საკლასო ოთახებსაც და სხვა დანიშნულების სათავსოებს, რაც გადაწყდება პროექტირების დროს,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და ძველის რეაბილიტაციის პროექტს შპს „აჭარკაპმშენი“ 15 ათას ლარად მოამზადებს. ახალი კორპუსი, როგორც სკოლის დირექციაში გვითხრეს, არსებულის წინ აშენდება, ძველი კორპუსის უკან კი, სტადიონი გაკეთდება.

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო / ფოტო: სკოლის ფეისბუქგვერდიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com