მთავარი,სიახლეები

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

29.12.2017 • 4074
თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

საქართველოში ყოველი 1000 მოსახლიდან 710-ს კომერციული ბანკის ვალი აქვს. თუმცა ათასივეს გააჩნია დამატებით „საგარეო ვალი“, ანუ ვალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. საქართველოს საგარეო ვალი იმაზე მეტია, რაც 2018 წელს ქვეყნის ბიუჯეტი იქნება. ბოლო ხუთ წელში საქართველოს საგარეო ვალი 6,7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი და დღეს არსებული კურსით 13,4 მილიარდია. ამას სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებულ ვალს – 4,6 მილიარდ ლარს (მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებს) თუ დავამატებთ, სახელმწიფოს ვალი 18 მილიარდ ლარს აჭარბებს.

სახელმწიფოს საგარეო ვალსა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ახალდაბადებული ბავშვების ჩათვლით, 4 845 ლარი „საგარეო ვალი“ აქვს, ვალუტის 21 ნოემბრის კურსით.

მოქალაქისთვის ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება, თუ გავითვალისწინებთ კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებსაც. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ბანკების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისისთვის გაცემულმა სესხებმა, მაგალითად, აჭარაში ერთ სულზე შეადგინა 4 303 ლარი. ამ ციფრს „საგარეო ვალსაც“ თუ დავამატებთ, გამოდის, რომ აჭარაში თითოეულ მოქალაქეს, ჯამში, 10 ათასზე მეტი ლარი ვალი აქვს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ვალი, ძირითადად, უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება ის თანხა, რაც ამ ვალის მომსახურებისთვის უნდა გადავიხადოთ – მთავრობა ბიუჯეტის ფულით ყიდულობს უცხოურ ვალუტას და იხდის ვალს.

„ის, რომ სახელმწიფოს ვალი მე არ მეხება – ასე არ არის. შენ, თითოეულ მოქალაქეს გეხება აუცილებლად, რადგან შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო ეს ფული. რაც ნაკლები ექნება სახელმწიფოს ვალი, ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით, შენც ნაკლები ტვირთი გექნება. სახელმწიფო ამ ვალს ბიუჯეტიდან იხდის, ბიუჯეტი კი რეალურად შევსებულია ჩვენი გადასახადებით. შესაბამისად, რაც უფრო მეტი იქნება საგარეო ვალი, მით უფრო მეტის გადახდა იქნება საჭირო ჩვენი ჯიბეებიდან და ნაკლები თანხა დაგვრჩება სხვა პროექტების დასაფინანსებლად“, – ამბობს ეკონომისტი ლევან ნატროშვილი.

ლევან ნატროშვილის თქმით, „საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში პრობლემურია და ეს არ უნდა გაგრძელდეს“.

იმ საგარეო ვალით, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე „ნაწილდება“, ქვეყანაში ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, თუმცა ხშირად სახელმწიფო უწყებები სესხის სახით აღებული თანხის დროულად გახარჯვას ვერ ახერხებენ, ქვეყანა კი ამ აუთვისებელი თანხის ზედმეტ პროცენტებსაც იხდის. მაგალითად, 2010 წლიდან დღემდე ვერ მოხერხდა ბათუმის ნაგავსაყრელის აშენება, რისთვისაც სახელმწიფომ შვიდი წლის წინ 3 მილიონი ევრო ისესხა. ამასობაში კი მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა მოიპარეს: ნაგავსაყრელის ასაშენებლად აჭარის მთავრობამ შექმნა შპს „ჰიგიენა“, რომლის დირექტორმაც ამ მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა – 5 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშიდან მიითვისა. ცხადია, ახალი ნაგავსაყრელი ამ დრომდე არ აშენებულა, მაგრამ პროცენტის სახით უკვე გადავიხადეთ 114 ათას 678 ლარი. აუდიტის დასკვნით კი, სესხის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, გადახდილია 232 ათას 200 ლარი. აუდიტის შეფასებით, ეს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური გამოყენებაა.

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების, ანუ ვალის დასაფარად თანხა ყოველწლიურად არის ბიუჯეტში გათვალისწინებული. მაგალითად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 1 მილიარდ 15 მილიონი ლარია გაწერილი. წელს, ამ კუთხით, ბიუჯეტში 685 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სები) მონაცემებით, საგარეო ვალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ფინანსთა სამინისტროს აქვს დათვლილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სამთავრობო საგარეო ვალი 5 მილიარდ 246 მილიონი აშშ დოლარია, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მთავრობის საგარეო ვალი 4,9 მილიარდი აშშ დოლარია.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანამ საგარეო ვალის ძირი თანხა და პროცენტი მომდევნო 15 და მეტი წლის განმავლობაში უნდა იხადოს. რა თქმა უნდა, თუ ახალ ვალს არ აიღებს. ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

სების განცხადებით, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალის მონაცემების ძირითადი წყარო მათთვის ფინანსთა სამინისტროა. „თუმცა ამ მონაცემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს, რაც ამ განსხვავების მიზეზია“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მაგალითად, ვადაგადაცილებული პროცენტის და დარიცხული ჯარიმის დავალიანება, რომელიც არ შედის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში, ეროვნულ ბანკში აღირიცხება, როგორც ვადაგადაცილებული დავალიანება; ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში არ არის ასევე დარიცხული პროცენტები, რომელთა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა, ეროვნული ბანკი კი ანგარიშობს მათ და ამატებს მთლიან საგარეო ვალს.

როგორ ითვლიან საგარეო ვალს? – ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგარეო სექტორის სტატისტიკის მეთოდოლოგიას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადგენს, რაც დაახლოებით 15 წელიწადში ერთხელ იცვლება. სახელმწიფო ვალი კი მოიცავს როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის ვალებს ერთად.

„ფინანსთა სამინისტრო საგარეო ვალად თვლის მხოლოდ იმას, რაც უცხოურ ვალუტაშია. საგარეო ვალი არ არის აუცილებელი, რომ მაინცადამაინც უცხოურ ვალუტაში იყოს“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

სახელმწიფოს მთლიან საგარეო ვალში შედის ეროვნული ბანკის ვალიც – 244 მილიონი აშშ დოლარი. ბანკში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ სავალუტო ფონდის ვალი აქვთ, ძირითადად, რეზერვების შესავსებად: „სებს სხვა არანაირი სესხი არ აქვს“.

მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით, საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.

„რამდენად გონივრულად მართავს მთავრობა საგარეო ვალს, ამის მთავარი კრიტერიუმია ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში. ჩვენი კანონმდებლობით ეს ზღვარი 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მხრივ კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული არ ვართ, მაგრამ პრობლემაა თავად ვალის აღრიცხვა. აღრიცხვის ჩვენი მეთოდოლოგია არ შეესაბამება სტანდარტებს“, – ამბობს ლევან ნატროშვილი.

სავალუტო ფონდი ქვეყნის საგარეო ვალად თვლის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების საგარეო ვალსაც. ამ საწარმოების ვალები კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალში გათვალისწინებული არ არის: „სახელმწიფო ვალი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების განმარტებით, მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებსაც. ეს ვალდებულებები მთავრობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდა, მაშინ ამ ვალების დაფარვა სახელმწიფოს მოუწევს. გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების ვალების გარეშე სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%, საწარმოების ვალების გათვალისწინებით კი – 54% იყო“.

„თუ სახელმწიფო ვალში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ რატომ არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება,“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის სახელმწიფო კომპანიებს 885 მილიონ 150 ათასი აშშ დოლარის სესხი და 835 მილიონ 80 ათასი აშშ დოლარის ობლიგაციები აქვთ. ეს ამ კომპანიებისთვის ჯამში 4,6 მილიარდზე მეტი ლარი საგარეო ვალია, რაც ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალში ასახული არ აქვს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალის აღების ფორმებია ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებული აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ნავთობის კორპორაციას და სხვა სახელმწიფო კომპანიებს. ბანკის ინფორმაციით, „ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვა შეიძლება და ვადის ამოწურვის შემდეგ ფულს ის მოითხოვს, ვის ხელშიც აღმოჩნდება ეს ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულებები, რაც გამოშვებულია ფასიანი ქაღალდების სახით, ჩვენთან ჩართულია საგარეო ვალში – ამ ქაღალდების ნაწილი უცხოელებმა იყიდეს“.

„ვალის მეშვეობით შესაძლებელია დაფინანსდეს ინვესტიციები, თავიდან აცილებულ იქნას გადასახდების ზრდა და ა.შ. რამაც ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს. მაგრამ თუ ვალის მართვა და გამოყენება არაეფექტიანად მოხდება, ამან შესაძლოა ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდეც მიიყვანოს“, – მიიჩნევენ „გამჭვირვალობაში“.

საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ძირითადად, ვალითა და კრედიტებით ხორციელდება. თავისი პროექტები, შესაბამისად, სესხები და ვალები აქვს აჭარის მთავრობასაც. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ავტონომიური რესპუბლიკის სესხების მომსახურებისთვის 356 ათას 900 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბათუმის მერიის ვალს, ის ქვეყნის საგარეო ვალში ასახულია.

ბათუმში სესხით ხორციელდება კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალი და კანალიზაცია) რეაბილიტაციის პროექტი. მარტო მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 27 მილიონამდე ევროს სესხია აღებული KFW-ისგან, მეოთხე ფაზის სამუშაოებისთვის კი – 30 მილიონი ევრო. ბათუმის მერია სესხით აპირებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას შემოერთებულ ტერიტორიაზეც, რასაც წინასწარი გათვლებით 80 მილიონი ევროც არ ჰყოფნის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, EBRD-თან 2017 წლის სექტემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით, ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის 5,5 მილიონი ევრო დაიხარჯება. ავტობუსების შეძენაზე ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის.

EBRD-ისგან მიღებული სესხით განხორციელდა ქობულეთის წყალარინების პროექტიც, რისთვისაც 3,7 მილიონი ევრო დაიხარჯა.

აჭარის ტერიტორიაზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით შენდება ავტობანიც – ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები.

„არ შეიძლება, მაგალითად, ვალი აიღო და პენსიები გაისტუმრო, ან რაღაც სხვა სოციალური პროექტები დააფინანსო. ვალის აღების მექანიზმი ასეთია: ფინანსთა სამინისტრო, მთავრობაა წამყვანი ამ პროცესში. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას რისთვის და ვისგან აიღოს ვალი, რამდენი აიღოს, აწარმოებს მოლაპარაკებებს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შედის კანონპროექტები პარლამენტში და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანამ საგარეო ვალის, ძირი თანხა და პროცენტი მომდევნო 15 და მეტი წლის განმავლობაში უნდა იხადოს. რა თქმა უნდა, თუ ახალ ვალს არ აიღებს, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კრედიტის სახით მისაღები თანხა – 1,288 მილიარდი ლარი, უკვე გაწერილია.

ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ვალის გადახდის ბოლო გრაფიკი მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით აქვს შედგენილი.

ამ გრაფიკის მიხედვით, საგარეო ვალი სულ 8,19 მილიარდი აშშ დოლარია, საიდანაც 1,5 მილიარდი აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი.

ეროვნული ბანკის გრაფიკით გადახდას ექვემდებარება:

დაუყოვნებლივ – 33,8 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 32,4 მილიონი აშშ დოლარი მხოლოდ სესხის პროცენტია.

„დაუყოვნებლივ გადასახდელი ძირითადი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს 1996 წელს აღებულ ყაზახეთის ვალს. ყაზახეთთან შეთანხმება შედგა და ახალი პირობებით გადახდა დაიწყო სექტემბრიდან… დანარჩენი თანხა წარმოადგენს თურქმენეთის ვალის გადაუხდელ ნაწილს. ამასთან, ვადაგადაცილებული პროცენტი ძირითადად თურქმენეთის ვალია, რომლის დაფარვის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება. სავარაუდოდ, დაფარვა მოხდება თანდათან პროდუქციის მიწოდებით“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

გარდა დაუყოვნებლივ გადახდისა, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს:

2017 წელს – სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული ვალის მომსახურება, სულ 466,1 მილიონი აშშ დოლარი. აქედან 171,2 მილიონი აშშ დოლარი არის სესხის პროცენტი.
2018-2019 წლებში – გადახდას ექვემდებარება 495,1 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 159,1 მილიონი აშშ დოლარი არის პროცენტი.

2020 წელს და შემდეგ პერიოდში – სახელმწიფოს გადასახდელი ექნება ჯამში 7,2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი, საიდანაც 1,17 მილიარდი აშშ დოლარი იქნება პროცენტი.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: