მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი სინგაპურში ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე

19.12.2017 • 5995
ბათუმელი სტუდენტი სინგაპურში ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე

ბათუმელი თათია ბოლქვაძე, სინგაპურის შემდეგ სწავლას ამერიკაში, Wellesley College-ში გააგრძელებს, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია. თათიამ აშშ-ის უნივერსიტეტში სწავლისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა. ამერიკაში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება. მანამდე კი სწავლას სინგაპურში, UWC  South East Asia კოლეჯში დაასრულებს, სადაც ორი წელია სწავლობს. „ბათუმელები“ თათიას სინგაპურში დაუკავშირდა და მას აზიურ ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე ესაუბრა.

„სინგაპურის კოლეჯის შესახებ მეგობრისგან გავიგე. აპლიკაცია გავგზავნე და შემარჩიეს. South East Asia-ს კოლეჯი ერთ-ერთი პრესტიჟული. ის პროგრამა, რომელსაც მე გავდივარ, საკმაოდ რთულია.

ეს არის გაერთიანება, რომელსაც მსოფლიოს 17 ქვეყანაში აქვს კოლეჯები და ყოველწლიურად არჩევენ აპლიკანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს ამ კოლეჯების ნაციონალური კომიტეტები და მეც მათ შემარჩიეს“, – გვიყვება თათია.

აპლიკაციაში, როგორც თათია გვეუბნება, წარმოაჩენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. „მაგალითად, არის შეკითხვები რასიზმზე, გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, თუ რამდენად ხარ განსხვავებულის მიმღები და, ზოგადად, როგორი მსოფლმხედველობა გაქვს. ბუნებრივია, ყურადღებას აქცევენ აკადემიურ მოსწრებასაც. ინგლისური ენის ცოდნას, რადგან თუ მიგიღებენ, კოლეჯში ამ ენაზე მოგიწევს სწავლა და რომ არ გაგიჭირდეს სწავლა, ენას კარგად უნდა ფლობდე“.

თათიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო აპირებს თუ არ აპლიკანტი სამშობლოში დაბრუნებას და მიღებული გამოცდილების, ცოდნის რეალიზებას საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ.

კოლეჯში მეგობრებთან

„ის დიპლომი, რომელსაც აქ ავიღებ, საკმაოდ რთული პროგრამის დაძლევას მოითხოვს. სულ ვირჩევთ ექვს საგანს, პირველი ენა, მეორე ენა, ჰუმანიტარული საგნები, სამეცნიერო საგნები, მათემატიკა და ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ჩემი პირველი ენა არ არის, მაინც ეს ავირჩიე, რადგან აქ ყველაფერი ამ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ ინგლისურის გაუმჯობესება ვარჩიე. ლიტერატურის საკითხავად კი მშობლიური ენა მაქვს არჩეული“, – გვეუბნება თათია.

თათიას შეფასებით, სინგაპურის საგანმანათლებლო სისტემა ქართულისგან ბევრად განსხვავებულია. „ძალიან მაღალია პედაგოგების კვალიფიკაციაც. კლასში 15 სტუდენტი ზის და ყველა საგანზე სხვადასხვა ბავშვთან ხარ.  ბავშვები კლასში წრიულად სხედან და მთლიანად ჩართული არიან საგაკვეთილო პროცესში. აქცენტი გადატანილია გააზრებასა და ანალიზზე და არა დაზეპირებაზე“, – ამბობს თათია.

კოლეჯში სწავლის დროს, სამ საგანს უმაღლეს დონეზე იღებ, სამს კი სტანდარტულ დონეზე. თათია ამბობს, რომ უმაღლეს დონეზე ინგლისური, ისტორია და პოლიტიკა აიღო.  „აქ, ძირითადად, აზიის ისტორიას ვსწავლობთ, დასავლეთის ისტორიიდან შავკანიანთა უფლებების შესახებ ვისწავლეთ და აფრიკის ისტორიიდან აპარტეიდი“.

თათია ამბობს, რომ სინგაპურში სწავლამ და 17 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრებამ უცხო ქვეყანაში, მასში დიდი გარდატეხა გამოიწვია. „პირველ დღეებში ძალიან მიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი მშობლებს რჩევისთვის, მაგრამ რამდენიმე კვირაში ეს სირთულეებიც გადავლახე და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, ამერიკაში ყოფნის დროს ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება“.

თათიას თქმით, სინგაპურში მაღალ დონეზე დგას გენდერული საკითხი. უნივერსიტეტებში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ გოგონებს სამეცნიერო საქმიანობაში. არსებობს გოგონების მხარდამჭერთა კლუბებიც. გარდა ამისა, სინგაპურში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გარემოს დაცვით საკითხებზე და გლობალურ დათბობაზე.

სინგაპური

„სინგაპური ულამაზესი ქალაქია. ზოგჯერ მგონია, რომ აქ 22-ე საუკუნეა.  ბევრად წინ არიან განვითარებით. ქალაქში განსაკუთრებით დაცულია კულტურული მემკვიდრეობა, ვერსად ნახავთ ქუჩაში დაყრილ ნაგავს, ძალიან მაღალია სამოქალაქო თვითშეგნება.

ქალაქი ძალიან მწვანეა და არა ბეტონის, როგორც ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქია, ნაკრძალებიც კი აქვთ გამოყოფილი. გარემოს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ“, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს თათია.

თათია სინგაპურს აგვისტოს ბოლოს დატოვებს და აშშ-ში გაემგზავრება. ბოსტონთან ახლოს, პატარა ქალაქში იცხოვრებს. პირველ წლებში პოლიტიკის და განათლებას ისწავლის უნივერსიტეტში, კონკრეტულ მიმართულებას კი მოგვიანებით აირჩევს.

თათია ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ფიქრობს, რომ ამერიკულ ცხოვრებაც მისთვის ისეთივე განსაკუთრებული იქნება, როგორც ცხოვრება სინგაპურში.

„ძალიან მომწონს და მივეჩვიე აქაურობას, რომ არა ამერიკა, ალბათ კიდევ დავრჩებოდი ამ ქალაქში“, – გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: