მთავარი,სიახლეები

ბავშვს ეტლი სჭირდება – მთაში მცხოვრები შშმ ბავშვის მშობელი

06.12.2017 • 2333
ბავშვს ეტლი სჭირდება – მთაში მცხოვრები შშმ ბავშვის მშობელი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანაძეებში მცხოვრები თემურ ვანაძის ოჯახი მხარდაჭერას ითხოვს. თემურ ვანაძის შვილს, 8 წლის ბექას, რომელსაც ცერებრალური დამბლისა და შიდა დაჭიმულობის დიაგნოზი ექიმებმა დაბადებისთანავე დაუსვეს, ეტლი არ აქვს. თემურის თქმით, ბიჭი რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის შორეული ღორჯომის ხეობიდან ბათუმში რომ ჩამოიყვანოს, ტრანსპორტიდან ტრანსპორტამდე ხელით აყვანილი დაჰყავს.

„ცერებრალურ დამბლასთან ერთად ექიმებმა ბავშვს შიდა დაჭიმულობის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვი ვერ დადის, ახლა რვა წლისაა და სამკურნალო ვარჯიშებისთვის ბათუმში დამყავს. ეტლი არ გვაქვს, რის გამოც რვა წლის ბავშვი ხელში აყვანილი დამყავს. ჩვენ ის შესაძლებლობა არ გვაქვს, ეტლი ვუყიდოთ, ადგილობრივ გამგეობასაც ვთხოვე ეტლი, სამინისტროშიც… ყველამ იცის ბავშვს ეტლი რომ სჭირდება, მაგრამ… ვართ ასე, მანქანასა და  ფუფუნებას არ ვითხოვთ, ეტლი სჭირდება ბავშვს და იქნებ ვინმე დაგვეხმაროს,“ – ამბობს თემური.

ვანაძეების მდგომარეობას სიდუხჭირეც ართულებს. თემური ყვება, რომ ოჯახში არავინ მუშაობს და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შშმ ბავშვის პენსიაა, დაახლოებით 100 ლარი. თემურის თქმით, ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება, ბავშვმა რეაბილიტაციის კურსი რომ გაიაროს, ტრანსპორტირების თანხას უფინანსებს – ვანაძეებიდან ბათუმში გადაადგილებას. თემურის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯისთვის ხულოს მერიისგან წელიწადში 400 ლარს იღებს, აქედან 200 ლარს ვანაძეები ექვს თვეში ერთხელ იღებენ, ხოლო დანარჩენ 200 ლარს – მეორე ექვს თვეს, როდესაც ბავშვი რეაბილიტაციის კურსს გადის.

„არაერთხელ ვითხოვეთ სოციალური დახმარება დაენიშნათ, მაგრამ რამდენჯერაც ოჯახის გადასამოწმებლად მოვიდა აგენტი და გადაგვამოწმა, იმდენჯერ მაღალი ქულა მოვიდა. ბოლო რამდენიმე წელია საარსებო შემწეობა აღარ მიგვიღია. დავიღალე სააგენტოში სირბილით, შემოდგომაზე საქონელს ვყიდულობ, გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე ვყიდი. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ესაა,“ – ამბობს თემური.

ხულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი, ბულბული აბაშიძე ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ, ბავშვს ეტლი რომ სჭირდებოდა, რადგან მშობლებს ამის შესახებ გამგეობისთვის არ უცნობებიათ:

„ბავშვი სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაციის კურსს გადის ბათუმში, ადგილობრივი ხელისუფლება კი ტრანსპორტირების ხარჯებს აფინანსებს. ეტლის მოთხოვნა არ ყოფილა, რომ მოეთხოვათ,  ჩვენ ვუშუამდგომლებდით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეტლი რომ მიეღო ბავშვს,“ – ამბობს ბულბული აბაშიძე.

კითხვაზე, რატომ არ იცის მერიის ჯანდაცვის სამსახურმა რა სჭირდება ბავშვს, რომელსაც ფინანსურ დახმარებას თავად მერია უწევს, ბულბული აბაშიძე პასუხობს:

„ჩვენ ფიზიკურად  ვერ ვახერხებთ სოფლებში გავიდეთ და მოსახლეობას გავაცნოთ რა პროგრამებიც გვაქვს. გვყავს სოფლებში წარმომადგენლები, რომლებიც ამ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ არამარტო ეს პროგრამა, სხვა ბევრი სოციალური პროგრამა გვაქვს, შესაბამისად, ბენეფიციარიც ბევრია, ჩვენ თუ გამოგვეპარა და ვერ ვკითხეთ მოქალაქეებს რა სჭირდებათ, თვითონ ხომ უნდა გვითხრან“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზურაბ თენიაშვილის თქმით, სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტლი პროგრამულად მოქალქეებს, წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი ჯანმრთელობის [ფორმა 100] ცნობის საფუძველზე გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, წელს ეტლი 215-მდე მოქალაქემ მიიღო.

„შშმ პირები და ბავშვები ეტლს ურიგოდ ღებულობენ, სამი წელია ვმუშაობ და ვინმესთვის ეტლი არ მიგვეცა, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამ დროისთვის პროგრამა ამოიწურა. თუმცა, თუ მოქალქეები ეტლის თხოვნით მოგვმართავენ და წარმოადგენენ შესაბამის სამედიცინო ცნობას, ეტლს 4 იანვრიდან მიიღებენ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: