მთავარი,სიახლეები

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

19.12.2023 •
„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს.

„ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის.

დოდო ფაჩულია ბათუმში, შევჩენკოს ქუჩაზე, ძველი სახლის ერთ პატარა ოთახში დისშვილთან ერთად ცხოვრობს. დოდოს დისშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა პერიოდულად მუშაობას ახერხებს.

„ახლა, მაგალითად, მანდარინის გადასარჩევად წაიყვანეს, – გვიყვება დევნილი ქალი და ნაქირავები ბინის ვიწრო შესასვლელთან ჩერდება. დოდო ფაჩულია ამბობს, რომ თავს ძირითადად ბინების დალაგებით ირჩენს, თუმცა ბოლო პერიოდში შეკვეთებმა იკლო და ძალიან გაუჭირდა.

სიღარიბეში მცხოვრები დევნილი ქალი სოციალურ დახმარებას არ იღებს, მას სახელმწიფოსგან მხოლოდ დევნილობის 45 ლარი აქვს დანიშნული.

დოდო ფაჩულია

„მაქაცარიას ქუჩაზე ვცხოვრობდი ნაქირავებში და გამომიშვა სახლიდან მესაკუთრემ – ვერ გადავიხადე ქირის ფული.

ორი კვირა ეზოში ვცხოვრობდი, „ბრეზენტი“ გადავაფარე და იქ ვიწექი დივანზე, კიდევ კარგი, ამინდმა გამიმართლა,“ – ამბობს დევნილი ქალი და სამზარეულოს კედლებს გვაჩვენებს, წვიმის ჩამოსვლის კვალი რომ ეტყობა. დოდო ფაჩულიას თქმით, ქირის ფული – 300 ლარი ჯერ არც ახალ მისამართზე გადაუხდია.

„ახალი წლის მერე შეიძლება აქედანაც გამიშვან,“ – აღნიშნავს დოდო. მისი თქმით, მან ბინიდან გამოსახლების შემდეგ მიმართა სოციალური დაცვის სააგენტოს და შემწეობის დანიშვნა ითხოვა:

„ხელახლა მივედი სოციალურში, როცა ეს ბინა ვიპოვე და მისამართი შევიცვალე… მესამე თვე გავიდა და არავინ მოსულა“.

ქალის თქმით, გამოსახლების დროს მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 500 ლარი ჩაურიცხა.

„მხოლოდ დევნილობის 45 ლარი მაქვს. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ: ამ 45 ლარით მე წამალი ვიყიდო, საჭმელი, თუ ბინის ქირა გადავიხადო?“ -კითხულობს ქალი და პურის ნატეხებს გვაჩვენებს, ეს ორი დღე უნდა ვიმყოფინოო.

დევნილი ქალი გვაჩვენებს, რომ მეორე სართულზე სველი წერტილი არ აქვს და ავარიული კიბით ეზოში უნდა ჩავიდეს. წყალსაც იშვიათად ვათბობ, კომუნალური რომ დავზოგოო – გვიყვება დოდო ფაჩულია და მერე რამდენიმე ძველ ფოტოს გვაჩვენებს:

„ეს მამაჩემია, ეს – ჩემი ძმა, ორივე აფხაზეთში მოკლეს,“ – მაგიდაზე ალაგებს შავ-თეთრ ფოტოებს დოდო და იხსენებს, როგორ გამოიარა გზა აფხაზეთიდან ბათუმამდე.

„გალში ვცხოვრობდით, სოფელ ჩხორთოლში. იმ დღეს დიდი ხმა გავიგონე, ვიფიქრე, რა არის, ალბათ თოფი თუ გაისროლეს-მეთქი, არ ვიცოდი ბომბის ხმა. თურმე სოხუმში ჩამოუგდიათ ბომბი. ომი დაიწყოო, ასე თქვეს,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია.

„რა ომი, რის ომი, ვამბობდით ჩვენ, ბავშვები ვიყავით და არ გვჯეროდა, გვეძახდნენ ჩქარა-ჩქარა და ასე არაფრის გარეშე წავედით ტყეში, ახლოს ვიყავით ტყესთან…

რამდენიმე დღის მერე კაცებმა თქვეს, მივალთ სახლებში და საჭმელს მაინც წამოვიღებო. სახლებთან ჩაის ბუჩქები გვქონდა და იმ ბუჩქებში იმალებოდნენ თურმე აფხაზები. ჩვენები სახლებში რომ შევიდნენ, დაიჭირეს.

ამ დროს ჩვენ ტყეში ვართ, მაგრამ ვხედავთ იქიდან ჩვენს სოფელს – დააყენეს მწკრივში მამა, დედაჩემის ძმა და სხვები. ხმა ჩვენ არ გვესმოდა, მაგრამ თურმე ეუბნებიან, ახლა თქვენს სახლს ცეცხლი წაუკიდეთო… დედაჩემი მაშინ ცოცხალი იყო, ავეფარეთ, სხვებიც იყვნენ, ჩვენზე უფროსები და ავეფარეთ, რომ არ დაენახა დედას… მერე უთხრეს, ტყვედ აიყვანეს, არ მოკლავენო.

ტყით წამოვედით სვანეთისკენ. რამდენი პატარა ბავშვი იყო, ორსული… ტყის ვაშლს ვჭამდით, წყალი არ იყო… არ მავიწყდება, ძროხის ნაფეხურზე იყო დარჩენილი წვიმის წყალი და პატარა ბავშვის დედამ წყლიანი თითი მოუსვა ბავშვს ტუჩზე. წამოვედით იქიდან და დაგვაყაჩაღეს – ძვირფასეულობა გექნებათო, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა.

ჩამოვაღწიეთ ენგურის ხიდამდე და იქ დაგვხვდა ავტობუსები. საჭმელიც დაგვახვედრეს, საბნები, ყველაფერი იყო, მაგრამ მახსოვს, ჭამა აღარ შეგვეძლო… ავტობუსით მწვანე კონცხზე მიგვიყვანეს, სასტუმროში.

დედაჩემს ვერ ვეუბნებოდით ამბავს, რომ მამა, ბიძია და ჩემი ძმა აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ იმ ხალხს დამარხვა ხომ უნდოდა? ორი თვის შემდეგ ჩემმა დამ წაიყვანა დედა და წავიდნენ, ღორების შეჭმული დახვდათ ცხედრები…“, – ასრულებს დოდო ფაჩულია და პაუზის შემდეგ დასძენს:

„აფხაზეთში არავინ იყო იქ გამორჩეული, რომ ეს რუსია, ეს ის არის, ახლა კი, მეზიზღება რუსები… უკრაინაში ომს რომ ვუყურებ, ძალიან ცუდად ვხდები, სულ აფხაზეთი მახსენდება, როგორ გვკლავდნენ. ნეტა, მართლა შემეძლოს, ქალი ვარ და ვიომებდი“.

დოდო ფაჩულია

სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დოდო ფაჩულიას ოჯახური მდგომარეობა მაქაცარიას ქუჩაზე შეამოწმეს 2023 წლის სექტემბერში, თუმცა ოქტომბერში დევნილმა მისამართი შეიცვალა და მას შემდეგ დოდო ფაჩულიას წერილობით სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

„უნდა მოვიდეს და შეავსოს ხელახლა განაცხადი, ისე ვერ ვიმოქმედებთ,“ – გვითხრეს სააგენტოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბადრი კობალაძემ დაგვიდასტურა, რომ დოდო ფაჩულიას, როგორც ერთსულიან ოჯახს, პროგრამის შესაბამისად, 22 ათასი ლარი ერგება, თუმცა თანხა ჩაერიცხება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, ვისგანაც შეიძლება დევნილმა ბინა შეიძინოს.

არის ასეთი შემთხვევა, როცა ვინმემ 22 ათას ლარად ბინა იყიდა და სახელმწიფომ მას თანხა ჩაურიცხა? – ბადრი კობალაძის თქმით, რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა ეს იყო თანამონაწილეობა.

ბადრი კობალაძემ ასევე განმარტა, რომ საცხოვრებელი კორპუსები ამჯერად ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება იმ დევნილებისთვის, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და არც ბინა.

„ბინა შენდება თბილისშიც, მაგრამ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, თბილისის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი რეგისტრაცია 2013 წლის პირველ ივლისამდე. 2025 წლისთვის 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. აპლიკაციები უკვე არსებობს და შეუძლია ქალბატონ დოდოსაც მისი შევსება.

შემდეგ კომისია შესაბამისი კრიტერიუმებით გადაწყვეტს, ვის ერგება ბინა,“ – განმარტა ბადრი კობალაძემ „ბათუმელებთან“.

რას სთავაზობს მანამდე დოდო ფაჩულიას სახელმწიფო? – ბადრი კობალაძის თქმით, შესაძლებელია დევნილისთვის ქირის ფულის გადახდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი სოციალურად დაუცველია და მისი სარეიტინგო ქულა 30 ათასზე დაბალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: