რა მდგომარეობაა მაღალმთიანი აჭარის გზებზე დიდთოვლობის შემდეგ

გასული კვირის დასაწყისიდან ინტენსიურად თოვდა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარმა 0,5-1,2 მეტრს მიაღწია. მოკლე პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას როგორც გადაადგილების მხრივ, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. უკვე შვიდი დღეა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ზედამხედველობდნენ დეპარტამენტის წარმომადგენლები. არსებული ტექნიკა სრულად იყო მობილიზებული და 38 მიმართულებით (ქედის მუნიციპალიტეტში-10 მიმართულებით, შუახევის მუნიციპალიტეტში-13 მიმართულებით და ხულოს მუნიციპალიტეტში-15 მიმართულებით) ერთდროულად მიმდინარეობდა გზების გაწმენდა. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ახლაც მიმდინარეობს გზების გაწმენდისა  და აღდგენის სამუშაოები.

იმ ლოკაციებზე, სადაც მეტეოროლოგიური პირობები და ამინდი იძლევა საშუალებას, აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ნოემბერში დასრულდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.

მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში დანდალო-არძენაძეების საავტომობილო გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. გზის დასრულებული მონაკვეთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილესთან, რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს შპს „გზები“ აწარმოებდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 372 378 ლარს შეადგენდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 48 მ გაბიონი, 418 მ რკინაბეტონის კიუვეტი, 162 მ (154 ცალი) დამცავი ზღუდარები და 22 მ ლითონის მილი.

დანდალო-არძენაძეების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

დანდალო-არძენაძეების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რაულ ბერიძემ, დაათვალიერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის – 31 დეკემბრის ქუჩა-თანამგზავრი-ზედა ფერია – დასრულებული 1345-მეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს  „გზები“ აწარმოებდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 386 908 ლარს შეადგენდა. მოეწყო 34 მ ბეტონის კედელი და 70 მ ცხაური.

31 დეკემრის ქუჩა ზედა ფერიის გზის მონაკვეთი.

31 დეკემრის ქუჩა-ზედა ფერიის გზის მონაკვეთი.

5 ნოემბერს დასრულდა ქედის მუნიციპალიტეტში ქედა-ზედა აქუცა საავტომობილო გზის 2900-მეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 865 229 ლარს, სადაც მოეწყო 42 მ გაბიონი, 63 მ ბეტონის კედელი, 1180 მ რკინაბეტონის კიუვეტი და 62 მ ლითონის მილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი