ფემინისტი მწერლების 10 ცნობილი წიგნი

2018 წლის თებერვალში  ბეტი ფრიდანის  „ქალურობის საიდუმლოს“ პირველი გამოცემიდან 55-ე წლისთავი აღინიშნება. ფრიდანი ლიბერალური ფემინიზმისა და ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის კლასიკოს ავტორადაა მიჩნეული.

წიგნმა მნიშვნელოვანი  გავლენა მოახდინა  20-ე საუკუნის 60, 70-იან წლებში მეორე ტალღის ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე.

 1. ბეტი ფრიდანი – „ქალურობის საიდუმლო”

1963 წელს გამოცემულმა წიგნმა ფემინიზმის პირველი ტალღის ძირითად გზავნილს, ქალთა საარჩევნო ხმის უფლებას კვლევების საფუძველზე წარმოჩენილი ბევრი სხვა პრობლემაც დაუმატა: ქალთა რეპროდუქციული უფლებების საკითხი, სამუშაო ადგილები, სექსუალური თავისუფლება და სხვა.

ბეტი ფრიდანს წიგნის დაწერის იდეა მოულოდნელად გაუჩნდა, იგი 15 წლის იყო, როცა სკოლაში გამოკითხვას ატარებდა და სტატისტიკამ აჩვენა, რომ სმიტ-კოლეჯის მოსწავლე გოგონების უმრავლესობას არ ხიბლავდა საზოგადოებრივად არააქტიური, მეოჯახე ქალის პერსპექტივა. ფრიდანმა კვლევების ველი გააფართოვა და საკმარისი მასალის დაგროვების შემდეგ წიგნად გამოსცა.

 2. სიმონა დე ბოვუარი – „მეორე სქესი”

ფრანგი ეგზისტენციალისტის, სიმონა დე ბოვუარის ორტომეული „მეორე სქესი“ 14 თვეში დაიწერა და 1949 წელს გამოიცა. ტექსტი ვატიკანის აკრძალული წიგნების ჩამონათვალში იყო შეტანილი.

ტექსტში ვითარდება სათაურშივე გამოტანილი ძირითადი იდეა: ქალთა სქესის „მეორეხარისხოვნების“ სოციალურ-კულტურული ასპექტები  პატრიარქლურ საზოგადოებაში.

  3. ივ ენსლერი – „ვაგინა მონოლოგები“

„ვაგინა მონოლოგები“ მონოლოგების სერიისგან შემდგარი პიესაა, რომლის პრემიერაც 1996 წელს შედგა ნიუ-იორკში. მონოლოგები მშობიარობის, ძალადობის, სექსის, სიყვარულის, სიძულვილის და ბევრ სხვა თემას მოიცავს, რომელიც ქალებს უკავშირდება.

 4. ქეით მილეტი – „სექსუალური პოლიტიკა“

მილეტის 1970 წელს გამოცემული  „სექსუალური პოლიტიკა“ ფემინისტურ ლიტერატურაში პირველი სამეცნიერო-კრიტიკული ტექსტი იყო, რომელიც ავტორის სადოქტორი დისერტაციას დაეფუძნა. ნაშრომში ქეით მილეტი დევიდ ლოურენსისა და ჰენრი მილერის ტექსტებში სექსისტურ განწყობებსა და მინიშნებებს გამოყოფდა.

ფემინიზმის მეორე ტალღის მოძრაობის დასაწყისში წიგნის გამოცემას მამაკაცებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

  5. ჟერმენ გრიგი – „ქალი-საჭურისი“

წიგნი 1970 წელს გამოიცა და მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი ავტორმა ოთხ ნაწილად დაჰყო: „სხეული“, „სული“, „სიყვარული“ და „სიძულვილი“. ჟერმენ გრიგმა ქალის თვითაღქმა შეისწავლა სხვადასხვა ეპოქის მიხედვით. 11 ენაზე თარგმნილი წიგნი 1970-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იყო.

 6. ნაომი ვოლფი – „სილამაზის მითი“

ამერიკელი ნაომი ვოლფის „სილამაზის მითი“ ქალის იდეალურ გარეგნობაზე შექმნილ ილუზიას ამსხვრევს და ამხელს, რომ გარეგნობის სტადარტები სპეციალურად მოგონილი მარწუხებია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა ტალღის შესაჩერებლად: პატრიარქალური სისტემების წინასწარგანზრახული გეგმის მიხედვით ფემინური ენერგია იდეალური ფანტომის მიმსგავსებაში უნდა გაიხარჯოს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპარეზის მნიშვნელოვანი წილი მამაკაცებს უნდა ექვემდებარებოდეს.

  7.ელის უოკერი – „იისფერი“

წიგნს 1983 წელს პულიცერისა და ამერიკის ეროვნული პრემია აქვს მიღებული მხატვრული ლიტერატურის დარგში. ამერიკელი მწერლის რომანში სამხრეთში მცხოვრები აფროამერიკელი ქალების ცხოვრებაა ასახული 1930-იან წლებში. არსებობს რომანის მიხედვით გადაღებული სტივენ სპილბერგის ფილმი. სურათის ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ წიგნს აკრიტიკებდნენ და ბრალს სდებდნენ, რომ ტექსტში აღწერილი ძალადობრივი სცენები მოძალადე შავკანიანი მამაკაცის სტერეოტიპს ამკვიდრებდა.

 8. მალალა იუსაფზაი – „მე ვარ მალალა“

ნომელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი მალალა იუსაფზაი  ავტობიოგრაფიული წიგნის „მე ვარ მალალას“ ავტორია. 14 წლის პაკისტანელ გოგონას ქალთა განათლების უფლებაზე ალაპარაკებისთვის თავში ესროლეს თალიბების რეჟიმის დამცველებმა. მალალა ახლა ინგლისში ცხოვრობს მშობლებთან ერთად და სამშობლოში ვერ ბრუნდება. მალალა 11 წლის იყო, როცა BBC-სთვის დაიწყო წერა საკუთარ ცხოვრებაზე, თალიბების მკაცრ რეჟიმსა და განათლების საკითხებზე პაკისტანში.

 9. მაია ენჯელოუ – „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, მაია ენჯელოუს „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ ახლა სასკოლო ლიტერატურის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. თუმცა თავიდან სკოლებში რომანი სასტიკად იკრძალებოდა. წიგნში ენეჯლოუ შავკანიანთა ცხოვრებას აღწერს 60-იანი წლების ამერიკაში, საკუთარ ცხოვრებას, რომელშიც ყველაფერი დიდი დოზითაა: ძალადობა, გაუცხოება, სიყვარული და სიძულვილი.

 10. დორის ლესინგი – „ოქროს რვეული“

„ოქროს რვეული“ ფემინისტური ლიტერატურის კლასიკურ ტექსტადაა აღიარებული. ტექსტში თითქოს ჩვეულებრივი პროცესია აღწერილი, როგორ ცდილობს რომანის მთავარი გმირი, ანა, საკუთარი თავის პოვნას  სექსში, პოლიტიკასა და საერთოდ, საზოგადოებაში. ნაწილებად იშლება მთელი მისი ცხოვრება და ძალების მობილიზებისთვის  წითელ, ყვითელ, შავ და ლურჯ რვეულებში წერს დღიურებს, გამთლიანების სიმბოლოდ კი ბოლოს ნაწილებად დაშლილი ცხოვრების ძირითადი ჩანაწერი, ოქროს რვეული იკვეთება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან