მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა: დანამატი საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასის გამო გაიცემა

24.11.2017
აჭარის მთავრობა: დანამატი საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასის გამო გაიცემა

აჭარის მთავრობა შრომის ანაზღაურების, მათ შორის, დანამატებისა და პრემიების საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე დღეს, 24 ნოემბერს, ბრიფინგი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა და ის მონაცემები გაასაჯაროვა, რაც პარტიას სხვადასხვა სამთავრობო უწყებამ მიაწოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ, როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში მთავრობა მიიჩნევს, რომ ხელფასი საჯარო უწყებაში არის დაბალი. ამ არგუმენტით ცდილობს მთავრობა დანამატების გაცემის საჭიროების დასაბუთებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი  თვეში 3310 ლარია. ზურაბ პატარაძე ყოველთვიურად იღებს დანამატსაც – 2482 ლარს. დანამატს იღებენ მინისტრებიც. მინისტრების ანაზღაურება სტანდატულია და ხელზე დარიცხვით თვეში 2720 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად იღებენ მინისტრები დანამატსაც – 2040 ლარის ოდენობით.

„დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების  მიზნით,“ – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება:

„საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც  საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: